Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყურანის დაწვისთვის გასამართლებულ, კადიროვის შვილის მიერ ნაცემ ჟურაველს ახალი ბრალი წაუყენეს


ნიკიტა ჟურაველი გროზნოს სასამართლოში. 2023 წლის ოქტომბერი
ნიკიტა ჟურაველი გროზნოს სასამართლოში. 2023 წლის ოქტომბერი

რუსეთში სახელმწიფო ღალატშიც დასდეს ბრალი 20 წლის ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ამჟამად ჩეჩნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით იხდის სასჯელს ყურანის დაწვისთვის. უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალს“ ჟურაველი პოლიტპატიმრად ჰყავს აღიარებული.

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის პროკურატურის მიერ დღეს, 3 ოქტომბერს, გამოქვეყნებული ცნობით, სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეცა საოლქო სასამართლოს.

გამოძიების ვერსიით, ნიკიტა ჟურაველმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს მესენჯერით შესთავაზა თანამშრომლობა და 2023 წლის მარტში გაუგზავნა რუსეთის არმიის სამხედრო ტექნიკით დატვირთული სარკინიგზო შემადგენლობის და სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავების ვიდეოჩანაწერები. ასევე - მონაცემები ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ავტომობილის გადაადგილების შესახებ. სახელმწიფო ღალატისთვის მაქსიმალური სასჯელი სამუდამო პატიმრობაა.

ნიკიტა ჟურაველი 2023 წლის მაისში ქალაქ ვოლგოგრადში დააკავეს მას შემდეგ, რაც ტელეგრამ-არხმა „უტრო დაგესტანა“ გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ წვავს კაცი ვოლგოგრადის მეჩეთთან ყურანს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ჟურაველმა აღიარა, რომ ყურანი სწორედ მან დაწვა უკრაინის სპეცსამსახურების დავალებით და 10 ათასი რუბლის ჯილდოს სანაცვლოდ.

საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ბასტრიკინის განკარგულებით, ნიკიტა ჟურაველი გადაიყვანეს ჩეჩნეთში, სადაც ხულიგნობისა და მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს და 2024 წლის თებერვალში მიუსაჯეს 3,5 წლით პატიმრობა.

გროზნოში ნიკიტა ჟურაველს სცემა ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 15 წლის ვაჟმა, ადამმა.

ცემის ამსახველი ვიდეო რამზან კადიროვმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ შვილის საქციელით ამაყობს. მომხდარმა საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალს" ეჭვი ეპარება, რომ ყურანი ნიკიტა ჟურაველმა დაწვა და ვარაუდობს, რომ ჩვენება იძულებით მიაცემინეს. ორგანიზაციამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევად შეაფასა ჟურაველის ვოლგოგრადიდან ჩეჩნეთში გადაყვანა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG