Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს


ერგნეთი
ერგნეთი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება იუწყება, რომ ქართულ მხარეს გადასცა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ე.წ. სასჯელს სიგარეტის კონტრაბანდის ბრალდებით იხდიდა.

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, 33 წლის ვლადიმერ ცაბაძე ზნაურის რაიონში დააკავა, თამბაქოს ნაწარმის ე.წ. საზღვარზე გადატანის მცდელობის დროს. "კაგებეს" ცნობით, ცაბაძე სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ გათავისუფლდა.

„2024 წლის 13 აგვისტოს ზნაურის რაიონულმა სასამართლომ ვლადიმერ ცაბაძე დამნაშავედ ცნო დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში. ორშაბათს, სასჯელის ვადის ამოწურვის გამო, სამართალდამრღვევი გაათავისუფლეს და დადგენილი წესით ქართულ მხარეს გადასცეს", - განაცხადეს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცაბაძის გათავისუფლება დაადასტურა. "რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება", - წერია სუსის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

"ვლადიმერ ცაბაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აღნიშნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ცხინვალის ციხესა და იზოლატორში ამჟამად საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG