Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„იმედმა“ უარი თქვა „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საარჩევნო რეკლამის განთავსებაზე - "ძლიერი საქართველო"


ტელეკომპანია „იმედი“
ტელეკომპანია „იმედი“

ტელეკომპანია „იმედი“ უარს ამბობს, ეთერში გაუშვას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფასიანი საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საქმიანობას ნეგატიურად წარმოაჩენს. მედიას ეს ინფორმაცია კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მიაწოდა.

„ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა დაპირებები. ხელისუფლება რუსეთს მიემხრო და მან იძალადა მშვიდობიან მომიტინგეებზე“, - ამ სიტყვებით იწყება ვიდეორგოლი, რომლის განთავსებაზეც „იმედმა“ უარი თქვა.

კოალიციას უარის შესახებ წერილი 26 სექტემბერს მისწერა ტელეკომპანიის დირექტორმა მაკა ლომიძემ. წერილში "იმედის" გადაწყვეტილება ასე იყო ახსნილი:

„დასაწყისიდან პირველი 6 წამის განმავლობაში რამდენიმე ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომლებიც იმგვარად ჟღერდება და ტოვებს ისეთ აღქმას, თითქოს დადგენილი უტყუარი ფაქტებია“.

გარდა ამისა, „იმედმა“ პოლიტიკური გაერთიანების, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სააგიტაციო მასალად მიიჩნია „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის დაშლის დროს, 2023 წელს გადაღებული კადრები:

„ჩანს აქციაზე მყოფი ქალბატონი ევროკავშირის დროშით - ნანა მალაშხია და აღნიშნულ კადრს ერთვის ფრაზა, „მან იძალადა მშვიდობიან მომიტინგეებზე“. შესაბამისად, მოცემულ რგოლში ნანა მალაშხია წარმოჩენილია, როგორც ძალადობის ადრესატი“.

რადიო თავისუფლება ცდილობს „იმედიდან“ დამატებითი განმარტებების მიღებას - პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.

წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებს კომუნიკაციების კომისია განიხილავს. მან უკვე დააკმაყოფილა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მოთხოვნა. „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარი თქვეს გაეშვათ სარეკლამო რგოლი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩანდნენ და ისმოდა მოწოდება: „უთხარი არა საზოგადოების მორალურ გადაგვარებას და აირჩიე ტრადიციული ფასეულობები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG