Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ კორძაია: "იმედი მაქვს, კონკრეტული მოსამართლეები მაინც დაიცავენ ჩვენი ემიგრანტების უფლებებს"


თამარ კორძაია
თამარ კორძაია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მხოლოდ 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყნის 53 ქალაქში, რასაც ემიგრანტებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილი ამომრჩეველთა უფლებების დარღვევად მიიჩნევს.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაის თქმით, პარტია სასამართლოს მეშვეობით ეცდება დაიცავს ემიგრანტების უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

„იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლეები მაინც აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისთვის ხმის მიცემის პირობები, ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებზე, მოქალაქეების მიერ წარდგენილ განცხადებებზე ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის. თქვენ წარმოიდგინეთ, ცესკო ამბობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების სურვილი, რომ სურთ ხმის მიცემა და ამ განცხადებების განხილვა, რომელიც დაიწერა ჩვენი მოქალაქეების მიერ, მსოფლიოს 50-ზე მეტ სხვადასხვა ქალაქიდან, თურმე მათი კომპეტენცია არ არის, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების ფარგლებში მოქმედებენ. ისინი ამ დროს იტყუებიან. ვეცდებით სასამართლოზე წარვადგინოთ ეს არგუმენტები. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ მართლები კანონის და სამართლის წინაშე, მაგრამ ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 26 სექტემბერს განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი მოემსახურება. ცესკო-ს ინფორმაციით, გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე იქნა მიღებული იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მეტი საარჩევნო უბნის გახსნას მოითხოვდნენ.

ცესკო-მ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ იხსნება იმაზე მეტი უბანი, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე:

„მათ შორის საარჩევნო უბნები იხსნება ისეთ ქვეყნებშიც, სადაც არ იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ან ზოგადად არცერთ წინა არჩევნებზე. ეს ქვეყნებია: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთის რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იაპონია, ავსტრალიის თანამეგობრობა“.

ცესკო-მ ასევე განმარტა, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის.

„სხვა რეგულაციებს საქართველოს კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია დაინტერესებული პირების მხრიდან აღნიშნული თემით მანიპულირება და საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მცდელობა“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ცესკო-მ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის დღიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG