ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის მეოცე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ავრცელებს.
საკოორდინაციო მექანიზმი, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 1990-იანი და 2008 წლის კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების, დაღუპულთა სამარხების, მათი იდენტიფიკაციის და გადასვენების საკითხებზე მუშაობს.
საკოორდინაციო მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც იკრიბებიან ქართველი, ოსი და რუსი მონაწილეები, 2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური შუამავლის დახმარებითა და ტექნიკური მხარდაჭერით დაარსდა, როგორც ჰუმანიტარული პლატფორმა.
გარდა საკოორდინაციო მექანიზმის ბოლო შეხვედრის (2024 წლის მარტი) შემდეგ განვითარებული მოვლენებისა, შეხვედრაზე ასევე განიხილეს შემდგომი ნაბიჯები, რაც აუცილებელია კონფლიქტების დროს გაუჩინარებული 118 ადამიანის ხვედრის გასარკვევად.
„საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში მონაწილეებს შორის გამართული ჰუმანიტარული დიალოგი კრიტიკულად მნიშვნელოვანია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებისთვის პასუხების გასაცემად“, - განაცხადა ანიეს ქოთუმ, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანმა კავკასიაში, რომელიც შეხვედრას თავმჯდომარეობდა.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით 2010 წლიდან მოქმედებს აფხაზეთის ომის დროს და შემდგომ პერიოდში დაკარგული ადამიანების მოძიებაზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფიც.
2013 წლიდან 543 ადამიანის ნეშტია მოძიებული, აქედან 301 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს.
2024 წლის აგვისტოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით, ოჯახებს გადაეცა აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებს უფლება აქვთ იცოდნენ, რა შეემთხვათ მათ ახლობლებს. მათი ადგილსამყოფლის დასადგენად აუცილებელია სანდო ინფორმაცია.
ფორუმი