Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი“ - კობახიძე ბანერებზე უკრაინის ომის კადრების გამოყენებას გამოეხმაურა


ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზე რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების ამსახველი კადრების გამოყენებას.

კობახიძეს ჰკითხეს: სოხუმის კადრები უკრაინას რომ გამოეყენებინა საარჩევნო მიზნებისთვის, თქვენთვის ეს იქნებოდა თუ არა მეგობრული ჟესტი ან მორალური საქციელი?

„მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩვენ ვახსენებთ იმას, რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022-2023 წლებში და უნდა ავიცილოთ თავიდან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და არჩევნების შემდეგ“, - თქვა მან.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, მიუღებელია ის, რაც უკრაინაში ხდება. მან თქვა, რომ კომენტარს არ გააკეთებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე. „რაც შეეხება ამ განცხადებას [უკრაინის საგარეო უწყების], ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისათვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, რაც არის გამოსახული ამ სურათებზე, ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. სხვათა შორის, 2022-2023 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა იგივე ბედის გაზიარება, ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა. იგივეს აპირებენ ვიღაც ვიღაცები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, თუ, ღმერთმა არ ქნას და, საზოგადოებამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება... საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რა არის ომის ფასი... - განაცხადა კობახიძემ და მიმართა მედიის ნაწილს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, - საქართველოში უკრაინული სცენარის განხორციელებას ვერ ეღირსებით...“

26 სექტემბერს თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.

კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.

ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:

4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“;

5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“;

9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;

25 - „გახარია საქართველოსთვის“.

რადიო თავისუფლებას პარტია "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ ეს, "რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" კამპანიაა და მმართველი პარტიის შეკვეთით დამზადდა და გაეკრა". მათი განმარტებით, ის ემსახურება საზოგადოებისთვის იმის შეხსენებას, "საით მიაქანებს ოპოზიცია ქვეყანას".

სოციალურ ქსელში მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკის თავის გვერდზე წერს, რომ „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი” უნახავს. “რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ !”

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ბანერების საპასუხოდ და მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ უკრაინისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული ომის თემატიკის შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებისაგან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG