Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელს და ჰეზბოლას 21-დღიანი ზავისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს


ისრაელის ავიადარტყმების რაიონი ლიბანის სამხრეთში. 2024 წლის 25 სექტემბერი
ისრაელის ავიადარტყმების რაიონი ლიბანის სამხრეთში. 2024 წლის 25 სექტემბერი

თერთმეტმა სახელმწიფომ და ევროკავშირმა ისრაელს და ლიბანში მოქმედ გასამხედროებულ ისლამისტურ ორგანიზაცია ჰეზბოლას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გამოაცხადონ 3-კვირიანი ზავი, რათა გაიხსნას სივრცე კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებისთვის.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 25 სექტემბერს შეთანხმებულ მიმართვას ხელს აწერენ აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, კანადა, ავსტრალია, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, კატარი და ევროკავშირი. მათი განცხადებით, ისრაელსა და ჰეზბოლას შორის საბრძოლო მოქმედებები ესკალაციით ემუქრება მთელ რეგიონს და არ შეესაბამება არც ისრაელის და არც ლიბანის ინტერესებს.

გამოცემა The New York Times-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელი და ლიბანი ინიციატივას მხარს უჭერენ. სააგენტო Reuters-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა უთხრა, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შესაძლოა, გამოყენებული იყოს რეგიონში, მათ შორის ღაზის სექტორში მშვიდობის დასამყარებლად.

ისრაელმა მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ ინტენსიური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია 23 სექტემბრიდან დაიწყო. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, მხოლოდ 25 სექტემბერს დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, 23 სექტემბრიდან კი დაღუპულია 600-მდე და დაჭრილია 1800-ზე მეტი, მათ შორის ათეულობით ბავშვი. ისრაელი ირწმუნება, რომ მისი სამიზნე მხოლოდ ჰეზბოლას ლიდერები და ობიექტებია.

ლიბანში საბრძოლო მოქმედებების ზონა დატოვა ათასობით ადამიანმა.

2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა თავის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის შემდეგ ომი გამოუცხადა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ჰეზბოლამ ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჩრდილოეთზე არაერთხელ მიიტანა სარაკეტო შეტევა, რასაც ისრაელის დარტყმები მოჰყვა.

2024 წლის 17 და 18 სექტემბერს, ლიბანში ჰეზბოლას წევრებს მასობრივად აუფეთქდათ პორტატიული საკომუნიკაციო საშუალებები (პეიჯერები, რაცია). დაიღუპა, სულ მცირე, 37 ადამიანი და 3000-მდე დაიჭრა. ჰეზბოლამ პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, ომის გამოცხადებად შეაფასა და საპასუხო ქმედებით დაემუქრა.

19 სექტემბერს ისრაელის ავიაციამ ლიბანის სამხრეთზე მასირებული იერიში მიიტანა, რის შემდეგაც ჰეზბოლამ ათეულობით რაკეტით შეუტია ისრაელის ჩრდილოეთს.

23 სექტემბრიდან, როცა ისრაელის არმიამ ავიაგამანადგურებლებით და დრონებით ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური შეტევა მიიტანა ლიბანის სამხრეთზე და აღმოსავლეთში მდებარე ბეკაას ველის რაიონზე, საბრძოლო მოქმედებებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო.

25 სექტემბერს ჰეზბოლას მიერ ისრაელისკენ ნასროლმა რაკეტამ პირველად მიაღწია თელ-ავივამდე. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტა გზად დაიჭირეს და მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა. ჰეზბოლას თანახმად, მისი სამიზნე იყო ისრაელის დაზვერვის სამსახურის, მოსადის შტაბი, რომელიც თელ-ავივის მახლობლად მდებარეობს.

ისრაელის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა ჰერცი ჰალევიმ 25 სექტემბერს განაცხადა, რომ ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციასაც ამზადებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG