საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუსი აცხადებს, რომ უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, - წერია განცხადებაში.
სუსი მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
სოფელი არცევი 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
კონფლიქტის ზონაში ბოლო შემთხვევა 19 სექტემბერს მოხდა, როცა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ზემო არცევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 12 მოქალაქე იმყოფება.
ფორუმი