Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IDFI: საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა


ევროკავშირის მხარდამჭერი ნახატის ფონზე ქართველი ახალგაზრდები მიემართებიან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე. 2024 წელი
ევროკავშირის მხარდამჭერი ნახატის ფონზე ქართველი ახალგაზრდები მიემართებიან "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე. 2024 წელი

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აქვეყნებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების შესახებ კვლევას, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული ბიზნესების რაოდენობა 2024 წლის ზაფხულის მონაცემებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37400-მდე კომპანია, ეს კი საქართველოში არსებული აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8%-ზე მეტია.

IDFI-ს კვლევის მიხედვით:

  • რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების დიდი ნაწილი, 30000-ზე მეტი ბიზნესსუბიექტი, 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული.
  • 500-მდე შემთხვევაში, კომპანიის მფლობელი საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეა;
  • 2 041 კომპანიის თანადამფუძნებელი საქართველოს მოქალაქეა.
  • რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერჯერობით უცნობია. კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული.
  • რუსული კომპანიების ნაწილი აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებშიც, კერძოდ, გზების და ავტობანების მშენებლობის მიმართულებით. მაგალითად, შპს “ზუგდიდის საგზაო სამმართველოს”, რომლის 51%-ს რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ ივანოვი ფლობს, 56 მოგებულ ტენდერში ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20, 725, 249 მლნ აქვს მიღებული.
  • რუსული კავშირის მქონე კომპანიები მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესშიც. მაგალითად, 2024 წელს გამართულ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ აუქციონში კომპანია “ტიბინი ჯგუფმა” გაიმარჯვა და 6,5 მლნ ლარად აიღო თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე 3 299 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. კომპანიის 50%-ს რუსეთის მოქალაქე იაჰია აუდახი ფლობს, 50%-ს კი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ზურაბ ახალაია.

IDFI-ის კვლევა "საქსტატის" ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზუსტი სურათის დახატვა, რა რაოდენობის რუსული კაპიტალი ბრუნავს ქართულ ეკონომიკაში, რთული სათქმელია იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ბიზნესი ხშირად იყენებს შუამავალ კომპანიებს, ფიქციურ მისამართებს და სხვა ხრიკებს.

"ბოლო წლებში რუსეთთან გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და რუსული კომპანიების შემოდინება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია", - წერს კვლევაში არასამთავრობო ორგანიზაცია და ხაზს უსვამს, რომ რუსეთი ეკონომიკურ კავშირებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG