შეკრებილები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ აგვისტოს ომზე გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. აქციაზე არიან ახალგაზრდული მოძრაობის და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები.
ახალგაზრდებმა პარლამენტის წინ მიიტანეს ბიძინა ივანიშვილის ფიტული, რომელსაც ორი დროშა უჭირავს - ერთი მმართველი ძალის, ხოლო მეორე რუსეთის ფედერაციის სიმბოლიკით. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა დროშები ფეხით გათელეს, ივანიშვილის ფიტული კი ნაგავში ჩააგდეს.
მათი მტკიცებით, დღევანდელი მთავრობა პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, რაც მათთვის მიუღებელია.
დემონსტრანტების ნაწილი რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გაემართა გმირთა მოედნისკენ, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე საქართველოს დროშა მიიტანეს.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაგეგმეს, რაც ბიძინა ივანიშვილმა გორში 14 სექტემბერს მხარდამჭერებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები".
ფორუმი