ევროპარლამენტის დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც შეიცავს ევროკავშირის ქვეყნებისადმი მოწოდებას, მოხსნან შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას საშუალებას არ აძლევს, დასავლური შეიარაღების სისტემები გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.
დოკუმენტს მხარი დაუჭირა 425-მა დეპუტატმა, 131 წინააღმდეგი იყო, 63-მა თავი შეიკავა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეზღუდვების მოხსნის გარეშე უკრაინა „ვერ შეძლებს სრულად განახორციელოს თავისი უფლება თავდაცვაზე და მოწყვლადი დარჩება სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მიმართ“.
ევროპარლამენტის რეზოლუციებს არა აქვს იურიდიული ძალა, ისინი სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მოელოდნენ, რომ ასეთი აკრძალვების მოხსნა შესაძლებელი იქნებოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შორის შეხვედრის შემდეგ, რომელიც გასული კვირის ბოლოს შედგა ვაშინგტონში. მაგრამ შეხვედრაზე ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
სტარმერმა განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი „პირთა უფრო ფართო წრის“ მონაწილეობით გაგრძელდება რამდენიმე დღეში გაეროს გენერალურ ასამბლეაში.
ფორუმი