Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თქმით, აღკვეთილია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა


საილუსტრაციო ფოტო: სომხეთის პოლიციის თანამშრომელი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. 6 აპრილი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: სომხეთის პოლიციის თანამშრომელი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. 6 აპრილი, 2023.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების უზურპაციის მცდელობის თაობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ქვეყნის ხუთი მოქალაქისა და მთიანი ყარაბაღის ორი ყოფილი მაცხოვრებლის მიმართ. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ რუსეთის ტერიტორიაზე გაიარეს წვრთნა.

საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების ვინაობა არ სახელდება. სასამართლომ სამი მათგანი დააკავა, ოთხი კი ძებნილად გამოცხადდა. გამომძიებლების თქმით, ისინი ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას აპირებდნენ იარაღის გამოყენებით.

როგორც აცხადებენ, ბრალდებულებმა დაიქირავეს სომხეთის მოქალაქეები და მთიანი ყარაბაღის ყოფილი მაცხოვრებლები თითოეულისთვის თვეში 220 ათასი რუბლის საფასურად. დაქირავებულები სამთვიან შეკრებაზე გაგზავნეს დონის როსტოვში თითქოს ახალი ტიპის მძიმე იარაღის მართვის შესასწავლად. იქ მათ ტყუილის დეტექტორზე ჩაუტარეს ტესტი.

ამის შემდეგ დაქირავებულებს აცნობეს, რომ საწვრთნელი ბანაკის საბოლოო მიზანი იყო სომხეთში დაბრუნება მოქმედი ხელისუფლების დასამხობად. მათ ასწავლიდნენ ბრძოლას დახურულ სათავსოებსა და შენობებში. გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის ზოგიერთმა მოქალაქემ უარი თქვა გადატრიალებაში მონაწილეობაზე და სახლში დაბრუნდა.

გამომძიებლები ამბობენ, რომ ჯგუფს რუსეთში ჰყავდა თანამზრახველები, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. მოსკოვს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთი მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უმოქმედობის გამო, რამაც, მისი აზრით, აჩვენა კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) არაეფექტიანობა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ქვეყანა აჩერებს მონაწილეობას ბლოკის საქმიანობაში.

ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვმა „სომხეთის მოსახლეობას ღიად მოუწოდა ხელისუფლების დამხობისკენ“ და თქვა, რომ „მოსკოვიდან არ წყდება მის წინააღმდეგ პროპაგანდა“.

ფაშინიანის პოლიტიკურ ოპონენტებს ბევრ პუბლიკაციაში უწოდებენ ყარაბაღის კლანს. 90-იან და 2000-იან წლებში სომხეთში ძალაუფლებას აკონტროლებდნენ ელიტები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ არაღიარებულ რესპუბლიკასთან ან მისი დამოუკიდებლობისთვის ომთან. ოპოზიცია ფაშინიანს ადანაშაულებს ყარაბაღის დაკარგვაში, რომელიც, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ყოველთვის აზერბაიჯანს ეკუთვნოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG