ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების ახალი შემადგენლობა დაასახელა. ბლოკის ხელმძღვანელად შემდეგი ხუთწლიანი პერიოდით ყოფნის განმავლობაში ის უხელმძღვანელებს გუნდს, რომელშიც ბევრ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ქალები დაინიშნნენ.
ევროკომისიის უმაღლეს ეშელონში ფონ დერ ლაიენმა მხოლოდ ორი მამაკაცი დანიშნა. მას ოთხი ქალი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება, მათ შორის ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელიც ბლოკის საგარეო პოლიტიკას ჩაუდგება სათავეში.
ევროპარლამენტის ივნისის არჩევნებში მემარჯვენე რადიკალთა წარმატების შემდეგ მათი წარმომადგენლები ევროკომისიის ხელმძღვანელ პოსტებზეც არიან წარდგენილი.
აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იტალიის მემარჯვენე რადიკალური პარტიის წარმომადგენლის, რაფაელე ფიტოს წარდგენამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ ევროპარლამენტში მისი კანდიდატურის განხილვას ცხარე დისკუსიები მოჰყვება.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ წარდგენილ კანდიდატთა შორის თავდაპირველად მხოლოდ 22%-ს შეადგენდნენ ქალები. მაგრამ მის მიერ გამოცხადებულ კანდიდატთა სიაში 40% არის ქალები, მამაკაცები კი 60%.
„ეს აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რასაც მივაღწიეთ, წინ კიდევ ძალიან დიდი სამუშაოა“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებთან საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვდა პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს და ამის შემდეგ გააკეთა საბოლოო განცხადება კომისართა კოლეგიის შემადგენლობის შესახებ.
ახლა ყურადღება გადაინაცვლებს მოსმენებზე ევროპის პარლამენტში. თუკი ევროპარლამენტარები არ მოიწონებენ რომელიმე კანდიდატურას, წევრმა ქვეყნებმა სხვა კანდიდატი უნდა წარადგინონ.
ევროკომისია, რომელიც კომისრების კოლეგიისგან შედგება, კანონმდებლობას წარუდგენს ევროკავშირის 27 წევრს და უზრუნველყოფს წესების დაცვას, რომლებიც არეგულირებს მსოფლიოს უდიდეს სავაჭრო ბლოკს.
ახალმა კომისიამ 1 ნოემბერს უნდა დაიწყოს მუშაობა, მაგრამ გამოითქმება ვარაუდები, რომ ის, შესაძლოა, იანვრამდე ვერ შეუდგეს საქმეს.
ფორუმი