Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფასეულობები - "თავისუფლების მოედანი" გახარიასთან გაერთიანებაზე


პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი", რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაშია, აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე ერთობლივად, ოთხივე წევრის მიერ მიიღება.  

ამით ისინი ეხმაურებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეთავაზებას - პრეზიდენტმა კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" აღნიშნავს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფასეულობები და პრინციპები.

"თავისუფლების მოედნის“ პოზიციას განსაზღვრავს ჩვენი წევრების და მხარდამჭერების ღირებულებები და ინტერესები. ჩვენ წარმოვადგენთ პატიოსან, პროფესიონალ და პატრიოტ მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის რუსული გავლენის საწინააღმდეგოდ.

ჩვენს მხარდამჭერებს ეს ბრძოლა ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ - რეზინის ტყვიების, მომწამლავი აირისა თუ ხელკეტების პირისპირ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო ტაქტიკის საკითხები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ის ფასეულობები და პრინციპები, რომელთა დასაცავადაც უაღრესად რთულ დროს გადავწყვიტეთ პოლიტიკური საქმიანობის დაწყება", - წერია განცხადებაში.

16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კოალიციისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები 17 სექტემბერს მივლენ ერთმანეთთან შესახვედრად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის ("ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსთვის") ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს.

ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, - თქვა პრეზიდენტმა.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. იმისთვის, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის ხმები არ დაიკარგოს, პარტიების ნაწილმა არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობა გადაწყვიტა. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა „ლელოსა“ და „საქართველოსთვის“ შორისაც, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერ შედგა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG