ძლიერი წვიმის ფონზე ჩეხეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ავსტრიისა და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნების ხელისუფლებები წყალდიდობისთვის ემზადებიან.
ჩეხეთში მდინარეებში მატულობს წყლის დონე. ქვეყნის აღმოსავლეთში ათასობით სახლია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე. ვარაუდობენ, რომ შაბათს საღამოსთვის ვითარება გართულდება ძლიერი ქარის გამო. სინოპტიკოსების პროგნოზებით ქარიშხალი საათში 100 კილომეტრს მიაღწევს.
ზოგიერთი ქალაქის ხელისუფლება არ გამორიცხავს ევაკუაციას.
ბრნოში წყალდიდობის ზონაში მდებარე ერთ-ერთი საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ პაციენტები სხვა კლინიკებში გადაიყვანა.
პრაღაში მდინარე ვლტავაში წყალი უმაღლეს დონეს მიაღწევს შაბათს ღამით. ვარაუდობენ, რომ ის 60-80 სანტიმეტრით აიწევს.
პრაღის ზოოპარკმა, რომელიც 2002 და 2013 წლებში ძლიერ დაზიანდა წყალდიდობის შედეგად, განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა ცხოველების ევაკუაციისთვის. შაბათ-კვირას ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის დაკეტილია. დირექტორის, მიროსლავ ბობეკის თქმით, წვიმის შედეგად ჩამორეცხილი ნიადაგის გამო არსებობს ხეების წაქცევის საფრთხე.
შაბათს დილით პრაღის რაიონებში გრძელდებოდა წყალდიდობისგან დამცავი სტრუქტურების მშენებლობა.
ოთხშაბათს გვიან საღამოდან ჩეხეთის რესპუბლიკაში ნალექის უდიდესი რაოდენობა (დაახლოებით 100 მილიმეტრი) დაეცა კრკონოშის ქედზე და ორლიცკის მთებში.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, მოემზადონ წყალდიდობის ყველაზე უარესი სცენარისთვის, რომელიც მან პოტენციური სიმძიმით შეადარა 1997 და 2002 წლების წყალდიდობებს. მაშინ რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ვიტ რაკუშანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარასკევის შემდეგ ქვეყანაში სრულ მზადყოფნაშია 100 ათასი მეხანძრე. მათ გააქვთ წაქცეული ხეები და აღადგენენ ელექტროგადამცემ ხაზებს. მეხანძრეებს სამხედროები ეხმარებიან.
ამასთან, სასურსათო პალატამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შემთხვევაში ჩეხეთის რესპუბლიკაში საკვები პროდუქტების წარმოებას საფრთხე არ დაემუქრება.
რუმინეთში, გალათის რაიონში, პარასკევს ღამით ხუთი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს. ქვეყანაში ჩაკეტილია სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 13 მონაკვეთი. ზოგიერთ დასახლებაში წყლის დონემ სამ მეტრს მიაღწია.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ გეგმავს ეწვიოს დაზარალებულ რაიონებს, რათა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეაფასოს წყალდიდობის შედეგები.
სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, კრიზისული შტაბი შეიქმნა. სინოპტიკოსების ვარაუდით, ქალაქში 380 მილიმეტრი ნალექი შეიძლება მოვიდეს. ასეთი მაღალი მაჩვენებლები ვროცლავში არ დაფიქსირებულა ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ მზადყოფნაში მოიყვანა სამხედრო მოსამსახურეები. საჭიროების შემთხვევაში ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას წყალდიდობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებიან.
პოლონეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მოიმარაგონ საკვები და მოემზადონ ელექტროენერგიის გათიშვისთვის. პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მოქალაქეები სრულად მობილიზებული უნდა იყვნენ.
ავსტრიაში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მთაში - თოვლი. ნალექმა შეიძლება მეწყერი გამოიწვიოს. ვენასა და ქვეყნის სხვადასხვა რაიონში 200 მილიმეტრზე მეტი წვიმაა მოსალოდნელი. ავსტრიის არმია მზადყოფნაშია, რათა დაეხმაროს სამოქალაქო სასწრაფო სამსახურებს.
ფორუმი