ჩეხეთის, პოლონეთისა და აღმოსავლეთ გერმანიის საქსონიის მიწის ხელისუფლებები უახლოეს დღეებში ძლიერ წვიმებსა და წყალდიდობას ელოდებიან. ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინსტიტუტის პროგნოზების საფუძველზე პრაღის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მიზნით მრავალი კაშხლიდან გაუშვა წყალი, რათა გიზარდოს მდინარე ვლტავის გამტარუნარიანობა.
მდინარე ვლტავაზე მდებარე ვრანეს კაშხალზე წყლის ხარჯვა წამში 40-დან 120 კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ეს გავლენას ახდენს მდინარე ელბაზე, რომელიც ვლტავას უერთდება ქალაქ მელნიკთან და იწვევს წყლის დონის აწევას გერმანულ ქალაქ დრეზდენიდან 50 კილომეტრით დაშორებულ უსტი ნად-ლაბეს კარიბჭესთან.
ამ ფონზე დრეზდენის ხელისუფლება პარასკევს შეეცადა მდინარე ელბიდან ამოეღო კოროლის ხიდის ასმეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მოსალოდნელი წყალდიდობის წინ ამ კვირაში ჩამოინგრა და წყალში ჩავარდა.
სიტუაცია შეიძლება კრიტიკული გახდეს აღმოსავლეთ ჩეხეთშიც, სადაც მსგავსი ძალისხმევა განხორციელდა წყალსაცავებში სივრცის შესაქმნელად: "სიტუაცია, რომელსაც ჩვენ ველოდებით მომდევნო ოთხ, შესაძლოა ხუთ დღეში, სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს ვითარებას, რომელიც 1997 და 2002 წლების დიდი წყალდიდობის დროს იყო", - გააფრთხილა მოსახლეობა ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრმა პიტერ ჰლადიკმა.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა რამდენიმე დღის განმავლობაში მოითხოვა მდინარეებისა და ნაკადულების მახლობლად დაგეგმილი საზოგადოებრივი შეკრებების გაუქმება. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც მოსალოდნელი წყალდიდობის ადგილებში ცხოვრობენ, ურჩია მზადყოფნაში ჰქონდეთ საევაკუაციო ჩანთები.
უახლოეს დღეებში უამინდობისთვის ემზადება ასევე პოლონეთის ხელისუფლებაც. პოლონეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის (IMGW) თანახმად, ნალექების მოსალოდნელი გაგრძელების გამო, განგაშის უმაღლესი, მე-3 დონე მოქმედებს ქვემო სილეზიის, სილეზიისა და ოპოლეს სავოევოდოებში.
ვროიცლავის მერმა იაცეკ სუტრიკმა შექმნა კრიზისული ჯგუფი, ვინიდან მოსალოდნელია მდინარე ოდერის ნაპირიდან გადმოსვლა. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გადაიდო შაბათ-კვირისთვის დაგეგმილი ორი ფესტივალი.
2002 წლის წყალდიდობამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ჩეხეთის რესპუბლიკაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ცენტრალური ევროპის სხვა ნაწილებში.
ფორუმი