საქართველოს მთავრობა მონაწილეობას არ მიიღებს პრეზიდენტის მიერ საჯარო სივრცეში ოლიმპიელებისა და პარალიმპელების დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც 13 სექტემბერს გაიმართება, ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შესაბამისი კითხვის პასუხად.
“არა, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინტიტუტებს, არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე და იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი. ყველაფერს გარკვეული რეაქცია უნდა ჰქონდეს, ეს არ არის ჩვენთვის რაღაც ახირება, უბრალოდ მისი მხრიდან მუდმივად ვხედავთ რაღაც კინკლაობას, კინკლაობაში შემოყვანის მცდელობას, ჩვენ მას კინკლაობაში არ შევყვებით“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა უარი თქვა დასწრებოდა, მთავრობის მიერ ოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 15 სექტემბერს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. მისი განმარტებით „ქვეყნის გამაერთიანებელი საკითხი“ „ჩაკეტილ სივრცეში“ არ უნდა გამართულიყო, თან მაშინ როცა პარალიმპელებს არ ჰქონდათ დასრულებული ასპარეზობა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პატივი არ სცა მთავრობის ინსტიტუტს, როცა ღონისძიებაზე მისვლაზე უარი განაცხადა. ამასთან, პრემიერის სიტყვებით, პრეზიდენტმა ღონისძიება მას შემდეგ დაანონსა, რაც მთავრობა დახვდა ოლიმპიელებს.
“ მან მას შემდეგ დაანონსა გარკვეული ღონისძიება, მანამდე მას არანაირი ღონისძიება დაანონსებული არ ჰქონდა, როდესაც ჩვენ ოლიმპიელებს მოვუწყეთ დახვედრა, მას არავითარი ღონისძიება არ ჰქონდა დაანონსებული. ის მოვიწვირთ მთავრობის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებაზე, როცა დავხვდით ოლიმპიელებს თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არ სცა პატივი მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ღონისძიებაზე”.
კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ შეჰყვებიან კინკლაობაში, რადგან ისედაც ბევრი საქმე აქვთ „აქეთ რთველია, იქით არჩევნები, მილიონი საქმე გვაქვს, იმისთვის რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავკარგოთ ძვირფასი დრო“, - თქვა კობახიძემ.
12 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. სახელმწიფო ჯილდოს გადაცემა მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ცნობაში სალომე ზურაბიშვილი ნახსენები არ ყოფილა.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა და 11 აგვისტოს დაიხურა, პარალიმპიური თამაშები კი 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. საქართველოს პარალიმპიადაში 14 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ფორუმი