Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: წითელ ჯვარზე დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა


საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის ემბლემა
საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის ემბლემა

რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქში დარტყმა განახორციელეს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჰუმანიტარული მისიის მანქანებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა ხუთშაბათს. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა დამწვარი სატვირთო მანქანის ფოტო წითელი ჯვრის ემბლემით.

როგორც ზელენსკი წერს, სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. „მსოფლიომ მკვეთრად და პრინციპულად უნდა მოახდინოს რეაგირება. მსოფლიოს მხოლოდ ერთიანი ძალით შეუძლია აიძულოს რუსეთი, შეაჩეროს ეს ტერორი და აიძულოს მოსკოვი, ეცადოს მშვიდობის დამყარებას,“ ნათქვამია შეტყობინებაში.

მანამდე დონეცკის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სოფელ ვეროლუბოვკას ხუთშაბათს დილით საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, ამასთან ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანა განადგურდა და სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დარტყმაზე წერს ზელენსკი. რუს სამხედროებს ინციდენტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

წითელმა ჯვარმა დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქში მისი სამი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა შავ ზღვაში სატვირთო გემზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ვარაუდობენ, რომ მას ხორბალი გადაჰქონდა ეგვიპტეში. ზელენსკის თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა. გემის სახელი და რა დროშის ქვეშ ცურავდა ის, არ არის ცნობილი. რუს სამხედროებს არ გაუკეთებიათ კომენტარი სამოქალაქო გემზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ.

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დარტყმა განხორციელდა რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მდებარე გემზე. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. რუმინეთის ხელისუფლებამ დეტალების დაუსახელებლად განაცხადა, რომ ინციდენტი არ მომხდარა რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG