ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილს უგზავნის, რომელშიც სთხოვს საქართველოს პარლამენტმა თავი შეიკავოს ლგბტქ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონპროექტის დამტკიცებისგან და იბრძოლონ დისკრინაციის წინააღმდეგ.
წერილში, რომელიც ევროპის საბჭომ გაავრცელა, კომისარი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული ცრურწმენების გამო, რომელიც თავს იჩენს პოლიტიკოსების განცხადებებშიც და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ახსენებს, რომ სექსუალური უმცირესობები ჯერაც რჩებიან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სამიზნეებად. ევრომისარი გაუმართლებლად მიიჩნევს კანონმდებლობაში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის პარალელურად ინცესტის ხსენებას და თვლის, რომ ამგვარი ჩანაწერები აძლიერებს სტიგმას ისედაც მოწყვლადი ჯგუფის მიმართ.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ ნებისმიერ სტიგმატიზაციას. ასეთი საზოგადოება აგებულია ინდივიდთა თანაბარ ღირსებაზე და მყარდება მრავალფეროვნებით, რასაც ის აღიქვამს არა როგორც საფრთხეს, არამედ, როგორც კეთილდღეობის წყაროს" - ნათქვამია ევროკომისარის წერილში, რომელიც 6 სექტემბრით თარიღდება.
საქართველოს პარლამენტმა 4 სექტემბერს მე-2 მოსმენით, 81 ხმით, ნულის წინააღმდეგ, მიიღო „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, კანონპროექტთა პაკეტი 18 მოქმედ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს.
ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი პარლამენტში 2024 წლის 10 ივნისს დარეგისტრირდა და ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამას წინ უძღოდა „ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ“ საკანონმდებლო ცვლილების დაანონსება.
ფორუმი