„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტრომ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლა.
განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ბაქრაძის მიმართ ჩატარებული დისციპლინური წარმოების შედეგები.
„ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ. დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა“, - წერს კულტურის სამინისტრო.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს მუზეუმის ავტორიტეტს.
სამინისტრო მიიჩნევს, რომ ლაშა ბაქრაძის განცხადება „ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს“.
ბაქრაძის განცხადება კულტურის სამინისტრომ დისკრიმინაციულად შეაფასა.
„პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით“, - წერს სამინისტრო.
ამავე ინფორმაციით, ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ „არასწორი სიტყვა“ გამოიყენა“.
კულტურის განცხადების თანახმად, „ახსნა-განმარტების მიცემისას გამოირკვა, რომ ლაშა ბაქრაძემ წინა დღით, 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მუზეუმის დირექტორს (საკუთარ თავს) და გამოსცა დირექტორის ბრძანება N50, რომლითაც საკუთარი თავი შვებულებაში გაუშვა 5 ოქტომბრის ჩათვლით“. შესაბამისად, 9 სექტემბერს გამოცემული ბრძანების თანახმად, ლაშა ბაქრაძე დირექტორის თანამდებობას აღარ დაიკავებს 6 ოქტომბრიდან.
სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს, განუსაზღვრელი ვადით.
ლაშა ბაქრაძემ რადიო რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოულოდნელი არ ყოფილა დირექტორის პოზიციიდან მისი გათავისუფლება.
„დიდი ხანია მოველი, რომ თანამდებობიდან გამათავისუფლებენ. მოგეხსენებათ, რომ მანამდეც, სანამ პირდაპირ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი. კარგად მოგეხსენებათ, რომ დემონსტრაციებზე, მიტინგებზე აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას. საბოლოო ჯამში შემიძლია, ვთქვა რომ ორი წელია მაინც, ველი იმას, რომ თანამდებობიდან გამათავისუფლებენ. ამიტომაც ეს ჩემთვის არანაირად ახალი არ იყო, მით უმეტეს, რაც უკვე პირდაპირ ჩავები, ამ წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურ საქმიანობაში, ჩემთვის ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა. რასაკვირველია, როდესაც მცირედი მიზეზიც გამოჩნდა ამისი, მაშინვე გამათავისუფლეს თანამდებობიდან“, - გვითხრა მან.
შეკითხვაზე, იზიარებს თუ არა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზს, ლაშა ბაქრაძემ გვიპასუხა: „ალბათ ეს მიზეზიც, რომ არ ყოფილიყო, ისედაც მოხდებოდა [გათავისუფლება]. რადგან ბოლო ადამიანი ვიყავი დღემდე [ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი], რომელსაც რაღაც თანამდებობა ეკავა კულტურის სფეროში. რასაკვირველია, ეს არის ხელისუფლებისათვის მიუღებელი, რადგან მათ ვაკრიტიკებ, ამ ქვეყანაში მეტი დემოკრატიისთვის და ჩვენი ევროპული მომავლისთვის ვიბრძვი“.
3 სექტემბერს ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ლაშა ბაქრაძემ თქვა:
„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით. დღეს თქვენ დაინახეთ ქალბატონი თინა, თამარი, სოფო. აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა, ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.
ბაქრაძის სიტყვებს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, პოლიტიკურ წრეებში.
ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საერთოდ არ უგულისხმია ქალები და არ უცდია ქალების ერთმანეთთან დაპირისპირება, არც პარტია „ქართული ოცნების“ ქალი წარმომადგენლების შეურაცხყოფა.
ლაშა ბაქრაძე ასე განმარტა, მის მიერ 3 სექტემბერს პარტიულ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას, როდესაც თქვა რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს ნათელი სახეებია, მმართველ გუნდს კი “ნახმარი სახეები” ჰყავს.
“ერთ მხარეს ჩვენი ქალები ვახსენე, რომ ასეთი ნათელი სახეებია ჩვენს მხარეს და მეორე მხარეს საერთოდ ქალებთან დაკავშირებით არც მიფიქრია, ვიგულისხმე რომ არის უინტერესო, უღიმღამო, შეგვიძლია ვთქვათ, გაცვეთილი სახეები "ქართული ოცნების". აი, ამას ვგულისხმობდი. მეტს არაფერს. ვერც წარმოვიდგენდი, რომ სხვა კონტექსტში შეიძლებოდა გაგებულიყო და სხვა ინტერპრეტაციას ვინმე თუ მისცემდა ვერ წარმომედგინა“, - უთხრა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას, მისივე განმარტებით, ქალები არასოდეს დაუპირისპირებია „არასოდეს არ ვიზამ. აქეთ ქალები ვახსენე, იქით ოცნების მობეზრებული სახეები“.
ლაშა ბაქრაძე პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრად 8 ივლისს წარადგინეს.
ფორუმი