Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილერი: საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა გრძელდება, არ გამოვრიცხავ დამატებით ქმედებებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის კურსით და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში, დამატებით ნაბიჯებს არ გამორიცხავს.

"საქართველოს მთავრობა აგრძელებს ღრმად შემაშფოთებელი მიმართლებით სვლას, რაც აშორებს ქვეყანას ევროატლანტიკურ ტრაექტორიას", - თქვა მილერმა 3 სექტემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

იგი გამოეხმაურა ე.წ. აგენტების კანონის ძალაში შესვლას და თქვა, რომ აშშ შეშფოთებულია „უცხოური აგენტის“ კანონმდებლობის აღსრულებით იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდნენ, მათ შორისაა კრიტიკული სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია.

"აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, ჩვენ გამოვაცხადეთ სავიზო აკრძალვები ათობით ქართველისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის პარტია "ქართული ოცნებისა", პარლამენტის წევრების, სამართალდამცავებისა და კერძო პირების მიმართ. ჩვენ შევაჩერეთ 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობდა. ურთიერთობის გადახედვა გრძელდება, დამატებით ქმედებებს არ გამოვრიცხავ", - თქვა მილერმა.

ე.წ. კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი, სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.

თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად, ორგანიზაციების ნების საწინააღმდეგოდ, დაარეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG