Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შამბა: მზადაა ხალხი შემოიჭიროს ქამრები და იცხოვროს, როგორც ბლოკადის დროს?


სერგეი შამბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი შამბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვში იმყოფება „აფხაზეთის ლიდერი“ ასლან ბჟანია, რომელიც რამდენიმე შეხვედრას გამართავს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის თაობაზე.

შამბამ დღეს დაადასტურა, რომ მოსკოვმა 1 სექტემბრიდან შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის დაფინანსება.

„თუ სანქციები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ბევრი დაზარალდება, მოვიფიქრებთ, როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან“, - თქვა შამბამ.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ საკითხის კომენტირებისას, შამბამ თქვა: „მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ ისინი ნორმალურად ვითარდებოდეს, არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევა“.

ის თვლის, რომ იმის უნდა ეშინებოდეთ. რომ აფხაზეთში ისეთი სიტუაცია შეიქმნება, როდესაც ადამიანებს თავის გატანა გაუჭირდებათ, იუწყება აფსნიპრესი.

”ეს არის ის, რისიც პირველ რიგში უნდა გეშინოდეს. და ის, რომ რუსეთი და საქართველო ერთ დღეს ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებენ, ვფიქრობ, არ უნდა გვაშინებდეს, რადგან მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ყოველთვის ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. თუ საქართველოში კონფრონტაციულად განწყობილ ოპოზიცია გაიმარჯვებს, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ინტერესებშია“, - თქვა შამბამ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, 26 აგვისტოს რატომ არ შედგა „რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის“ მორიგი სხდომა.

„რუსეთის მთავრობის ბევრი წარმომადგენელი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ სხდომა გადაიდო, როგორც მესმის, არ სურდათ რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს გაეხმაურებინათ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ“, - თქვა შამბამ.

შამბამ კომენტარი გააკეთა ოპოზიციური ძალების განზრახვზე ლიხნის მდელოზე შეკრების თაობაზე.

”თუ შეკრებაა, მაშინ ეს უნდა გააკეთონ არა იმისთვის, რომ ვინმეს შესაძლოა მოქალაქეობა ჩამოერთვათ, მით უმეტეს, რომ ჯერ არ არის ცნობილი ეს მოხდება თუ არა, არამედ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ ისეთ სიტუაციაში ცხოვრება, როცა რუსეთთან ურთიერთობა ფუჭდება. ჩვენ უკვე ვხედავთ პირველ ნაბიჯებს, რომ სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც იყო და შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს. ამიტომ, შეიძლებოდა ხალხისთვის გვეკითხა რისთვის არიან ისინი მზად. მზად არიან თუ არა ქამრების შემოჭერისთვის და ისე ცხოვრებისთვის, როგორც მაშინ, როცა აფხაზეთი ბლოკადაში იყო?' - თქვა შამბამ.

მისივე სიტყვებით, რუსეთს, როგორც მოკავშირეს უკმაყოფილებები დაუგროვდა

„ეს ის არ არის, რაც თავიდან იყო. მახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ჩვენდამი რუსეთის საზოგადოებას, როცა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს. დღეს ეს ასე არ არის, ყველამ ვეცადეთ რომ ასე მომხდარიყო, მოდით ყველა შევეცადოთ როგორღაც გამოვასწოროთ ვითარება. ამიტომ მოდით ერთად შევეცადოთ რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ეს ჩვენს საერთო ინტერესშია. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ ცვალებად სამყაროში, ბევრი მუქარაა არა მხოლოდ აფხაზეთის არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე. მსოფლიო სისტემის გადაწყობა ყოველთვის ასოცირდება გლობალურ რყევებთან და დღეს ჩვენც ახლა ზღვარზე ვართ“, - თქვა შამბამ.

მოსკოვი, „კოზაკ-ბჟანიას შეხვედრის ოქმის“ მიხედვით, სოხუმისგან ითხოვს:

  • ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
  • რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
  • რუს ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).

ფორუმი

XS
SM
MD
LG