Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აპარტამენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აფხაზ „დეპუტატებს“ შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან


ფოტო არქივიდან: დმიტრი კოზაკი და ასლან ბჟანია 2020 წელი.
ფოტო არქივიდან: დმიტრი კოზაკი და ასლან ბჟანია 2020 წელი.

ოპოზიციური აფხაზური ტელეგრამის არხი RESPUBLICA და „აფხაზური პორტალი“ იტყობინებიან, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან დმიტრი კოზაკან განიხილა „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე „დეპუტატებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.

კანონპროექტი ე.წ. პარლამენტიდან გაიწვიეს, ის ითვალისწინებდა აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონებში აპარტამენტების მშენებლობას.

გარდა ამისა, ბჟანიასა და კოზაკის შეხვედრის ოქმის მიხედვით, რომლის ნამდვილობა არაა დადასტურებული, მოსკოვი აპირებს ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას 2024 წლის 1 სექტემბრიდან, სანამ აფხაზური მხარე შემდეგ ვალდებულებებს არ შეასრულებს:

  • ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება;
  • რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა;
  • რუს ინვესტორებისთვის შეზღუდვების მოხსნა კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები).

დოკუმენტის იმ ნაწილში რომელშიც „დეპუტატებისთვის“ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებაა საუბარი მითითებულია:

„გათვალისწინებული იქნას აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანია) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია სახალხო კრების - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოპოზიციის აფხაზი ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების მიზნის საზიანოდ მოქმედებენ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით“.

გარდა ამისა, მოსკოვი აპირებს სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მოუწოდოს, მინიმუმამდე დაიყვანონ „აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატებთან კონტაქტი რუსეთის წინაშე ვალდებულებების შესრულებისადმი არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“.

მანამდე, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამ „დეპუტატს“, რომლებიც დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის შეცვლას ემხრობოდნენ.

რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდ ნოვაკსა და ალსან ბჟანიას შეხვედრის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურმა ინფორმაცია 23 აგვისტოს გაავრცელა. პრესრელიზში ეწერა იყო რომ მხარეებმა განიხილეს „აფხაზეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო ურთიერთქმედების, ენერგომომარაგების არაერთი საკითხი“. კოზაკთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციაში არაფერი ეწერა, "აფხაზური პორტალის" ცნობით კოზაკსა და ბჟანიას შორის შეხვედრა მოსკოვში გაიმართა 19 აგვისტოს, პროტოკოლი კი 26 აგვისტოთი თარიღდება.

ტელეგრამის არხებით გავრცელებული ინფორმაციაზე კომენტარი ბჟანიას პრესცენტრში 30 აგვისტოს გააკეთეს "სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აიღო პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრებისა და ოპოზიციის ლიდერების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, რათა მათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვას. გაცნობებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აფხაზეთის პრეზიდენტს არ აუღია ინფორმაციის მიწოდების რაიმე ვალდებულება“, - ნათქვამია კომენტარში.

მასალაში შესულია ცვლილება, თავდაპირველად ეწერა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი ბჟანიამ განიხილა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან ალექსანდრ ნოვაკთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG