„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე, კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება დააანონსა.
მისი განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება:
„როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და, მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.
ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.
იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.
რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ისევე, როგორც საარჩევნო კამპანიის წინა ორი შეხვედრისას, რომლებიც მცხეთასა და ამბროლაურში გაიმართა, ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, თუ რას გეგმავს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში:
- „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება;
- „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის მიღება;
- საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ქვეყნის მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის შესაცვლელად;
- საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დაცვა კონსტიტუციური კანონით.
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან. გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაში, რომელიც 31 აგვისტოს ოზურგეთში გაიმართა, ბიძინა ივანიშვილის გარდა, მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
ფორუმი