Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ის არ სრულდება საზღვარზე“, - სტოლტენბერგი კურსკის ოპერაციაზე


იენს სტოლტენბერგი კიევში, 29 აპრილი, 2024 წელი
იენს სტოლტენბერგი კიევში, 29 აპრილი, 2024 წელი

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის შეჭრა კურსკში, რუსეთის ტერიტორიაზე, კანონიერია და ექცევა კიევის თავდაცვის უფლების ჩარჩოებში. ამის შესახებ მან გერმანულ Welt am Sonntag-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

როიტერსის ცნობით, ეს არის იენს სტოლტენბერგის პირველი კომენტარი კურსკში უკრაინის შეჭრის შესახებ:

„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ეს უფლება არ სრულდება საზღვარზე“, - ამბობს ის.

სტოლტენბერგი ამბობს, რომ ნატოს ხელმძღვანელობა არ ყოფილა წინასწარ ინფორმირებული უკრაინის გეგმების შესახებ და ამ გეგმების განხორციელებაში მათ არანაირი როლი არ შეუსრულებიათ.

მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრით სარისკო ნაბიჯს დგამს, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ აწარმოებს სამხედრო კამპანიას:

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ღიად განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანია ბუფერული ზონის შექმნა და ამით საზღვრიდან რუსეთის თავდასხმების აღკვეთა. როგორც ყველა სხვა საომარი ოპერაცია, ეს ოპერაციაც დაკავშირებულია რისკებთან, მაგრამ უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიცვას თავი“, - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი გამოცემასთან საუბრისას.

2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG