ე.წ. აგენტების კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მიზნით შეტანილი სარჩელების განხილვაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე დაინტერესდა, ფინანსური გამჭვირვალობის დასადგენად, რატომ სჭირდება იუსტიციის სამინისტროს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული პირების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებისა და პოლიტიკური შეხედულების შესწავლა.
„მაგალითად, თქვენ, სახელმწიფო, ხომ ინტერესდებით, ორგანიზაციის 20% თუ არის უცხოური დაფინანსება; ამ შემთხვევაში არეგისტრირებთ და მის შემოსავალს, ხარჯს ხდით საჯაროს. საერთოდ, ამ გამჭვირვალობის დადგენასთან თუ დაფინანსების 20%-ს დადგენასთან, რა რელევანტური, რა ლოგიკური კავშირი აქვს განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის მოპოვებას და მერე მის გასაჯაროებას? სქესობრივი ცხოვრების, ბრალდებული ვიყავი თუ არა, პოლიტიკურ შეხედულებას, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარი მრწამსს. ამის კავშირი აგვიხსენით“, - მიმართა კვერენჩხილაძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, დავით დევიძეს.
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დაასახელა ის შემთხვევები, როდესაც დაინტერესდებიან არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებით.
„ამ შემთხვევაში, როდესაც განსაკუთრებული კატეგორიის მუხლზე მიუთითა კანონმა, საჯარო რეესტრს ეს აძლევს საშუალებას რომ თუ დაინტერესებული ორგანიზაცია, რომელსაც უნდა რომ თავი აარიდოს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია, გადავაზღვიოთ, გამოვითხოვოთ ინფორმაცია და ჩავატაროთ სრულფასოვანი მონიტორინგი. რას გულისხმობს ეს - არ უნდა დაგვხვდეს ბარიერები, ისეთი როგორიც არის, რომ „ეს არის პერსონალური მონაცემები გარკვეულ კატეგორიებზე...“ წინასწარ ვერავინ იტყვის საქმის შინაარსიდან გამიჯვნით, რა ტიპის მონაცემი იქნება საჭირო. ყველა საქმე არის უნიკალური, განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, - თქვა დავით დევიძემ და დაამატა, - ბუნებრივია, საქმის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება, დაგვჭირდეს და მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური და მათ შორის, შესაძლოა, დაგვჭირდეს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაც თუ განზრახვაა, რომ მოგვატყუონ, განზრახვაა ის, რომ ჩვენ ვერ შევასრულოთ კანონით დადგენილი ვალდებულება. სწორედ ეს არის ჩემი პასუხი“.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებული ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონზე დაყრდნობით [მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი] მოიძიოს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი:
- მონაცემი, რომელიც ავლენს რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;
- პოლიტიკურ შეხედულებებს;
- რელიგიურ და ფილოსოფიურ მრწამსს;
- პროფესიული კავშირის წევრობას;
- ჯანმრთელობას;
- სქესობრივ ცხოვრებას;
- ნასამართლობის ისტორიას;
- ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება;
იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, შეისწავლოს „სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი“ ინფორმაცია.
კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გუშინ, 29 აგვისტოს დაიწყო. მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას, საკითხის განხილვის დასრულებამდე.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს.
აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
ფორუმი