Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე


რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაველ პოპოვი
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე პაველ პოპოვი

რუსეთის საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, არმის გენერალ პაველ პოპოვის წინააღმდეგ. მას თაღლითობაში ადანაშაულებენ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასი" წერს, რომ პოპოვი დაკავებულია, საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ეს ნახსენები არაა.

პოპოვი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო 2013 წლიდან 2024 წლის ივნისამდე. მანამდე, თითქმის 20 წლის განმავლობაში, ის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში მუშაობდა მინისტრის, სერგეი შოიგუს მოადგილედ. მასთან ერთად გადავიდა იგი თავდაცვის სამინისტროში სამუშაოდ.

მიმდინარე წლის მაისში შოიგუ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და უშიშროების საბჭოს მდივნად გადაიყვანეს.

გამოძიების თანახმად, 2021 წლიდან 2024 წლამდე, პოპოვი თავდაცვის სამინისტროში "პასუხისმგებელი იყო „პატრიოტთა“ პარკის განვითარებაზე, მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციაზე, ის ამ დაწესებულების ხარჯზე გამდიდრდა პარკის დირექტორ ვიაჩესლავ ახმედოვსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების სამმართველოს უფროსის მოადგილე ვლადიმირ შესტეროვთან ერთობლივი მოქმედებით“. ისინი აგვისტოს დასაწყისში დააკავეს.

საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ პოპოვი პარკის ხარჯზე აწარმოებდა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს თავის აგარაკზე პადმასკოვიეში, კრასნოგორსკის რაიონში, ამარაგებდა იქაურობას „სხვადასხვა მატერიალური ფასეულობებით“. გამოძიების მონაცემებით, გენერალი დაქვემდებარებული პირების მეშვეობით "პატრიოტთა" პარკის კონტაქტორი კომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თავის ნაკვეთში სამშენებლო სამუშაოების უსასყიდლოდ შესრულებას აიძულებდა. სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი განაგრძობდა თავისი 3-ჰექტრიანი ნაკვეთის სამეურნეო და ტექნიკურ მომსახურებას პარკის ხარჯზე".

გამოძიების თანახმად, კრასნოგორსკის ოლქში მიწის ნაკვეთის გარდა, გენერალი და მისი ახლობლები ფლობენ „მრავალ უძრავ ქონებას მოსკოვის პრესტიჟულ რაიონებში, მოსკოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში“. მათი საერთო ღირებულება 500 მილიონ რუბლს აღემატება. გამომძიებლები სწავლობენ შეძენილი ქონების კანონიერებას.

"ტასი" ივლისის ბოლოს იუწყებოდა „პატრიოტთა“ პარკში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, სახელმწიფო შესყიდვებში 40 მილიონ რუბლზე მეტი ოდენობის თანხის ქურდობის საქმეზე. მაშინ გაჩხრიკეს პარკის ადმინისტრაცია.

5 აგვისტოს საგამოძიებო კომიტეტმა განცხადება გაავრცელა თაღლითობის ბრალდებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პარკის დირექტორის, ვიაჩესლავ ახმედოვის დაკავებაზე. ასევე დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინოვაციების სამმართველოს უფროსის მოადგილე ვლადიმირ შესტეროვიც. გამოძიების ვერსიით, ახმედოვი და შესტეროვი თანამზრახველები არიან საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში.

2024 წლის აპრილიდან რუსეთში დააკავეს რამდენიმე მაღალჩინოსანი. მექრთამეობის საქმეზე დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი, თავდაცვის სამინისტროს პერსონალის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ვადიმ შამარინი. განსაკუთრებით ფართომასშტაბიანი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს გენერალ-მაიორი ივან პოპოვი.

„პატრიოტთა“ პარკი 2014 წელს დაარსდა იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განკარგულებით. პარკი აერთიანებს მრავალ ობიექტს, რომელთაგან უმთავრესი რუსეთის შეიარაღებული ძალების მუზეუმ-ტაძრის კომპლექსია. პარკის ფართობი 5 ათას ჰექტარზე მეტია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG