Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვს საფრანგეთში სასამართლო ზედამხედველობა დაუწესეს


პაველ დუროვი. ჯაკარტა, ინდონეზია. 13 აპრილი, 2018.
პაველ დუროვი. ჯაკარტა, ინდონეზია. 13 აპრილი, 2018.

Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვს საფრანგეთში სასამართლო ზედამხედველობა დაუწესეს. მას ეკრძალება საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება. დუროვმა ხუთი მილიონი ევრო გირაო უნდა გადაიხადოს. ამის შესახებ პარიზის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

დუროვი კვირაში ორჯერ უნდა გამოცხადდეს პოლიციაში.

პროკურატურის განცხადებაში მითითებულია რამდენიმე ბრალდება, მათ შორისაა სამართალდამცავებისთვის გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიუწოდებლობა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საფრანგეთში წინასწარი გამოძიება ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო, ანუ იმაზე ადრე, ვიდრე აქამდე იტყობინებოდნენ.

პროკურატურამ ასევე განაცხადა კიდევ ორი გამოძიების შესახებ, რომლებიც მიმდინარეობს დუროვის წინააღმდეგ. ამ საქმეებს უძღვებიან საფრანგეთის ჟანდარმერიის კიბერდანაყოფი და საბაჟო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო.

39 წლის დუროვი კვირას დააკავეს პარიზის ლე ბურჟეს აეროპორტში. დაკავების მიზეზია ის, რომ ტელეგრამი არასაკმარისად აკონტროლებს თავის არხებს, რომლებსაც კანონსაწინააღმდეგო მიზნებისთვის იყენებენ ხოლმე.

დუროვი ამ საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სულ საუბარია 12 დანაშაულზე, მათ შორისაა სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, კიბერდანაშაული, ფულის გათეთრება და კრიპტოლოგიური მოწყობილობის იმპორტი წინასწარი დეკლარაციის გარეშე.

ოთხშაბათს გამოცემა Wall Street Journal-მა წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა არაერთი დეტალი დუროვისა და საფრანგეთის ხელისუფლების ურთიერთობის შესახებ. დუროვმა 2021 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. სტატიაში ნათქვამია, რომ 2018 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პაველ დუროვს სადილზე შესთავაზა, პარიზში გადაეტანა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მდებარე Telegram-ის სათავო ოფისი. რაზეც, გავრცელებული ინფორმაციით, დუროვმა უარი განუცხადა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის ხელისუფლებამ მას გამარტივებული პროცედურით მიანიჭა მოქალაქეობა.

ამავდროულად, გამოცემა ირწმუნება, რომ დუროვისა და მაკრონის სავარაუდო შეხვედრამდე ერთი წლით ადრე, საფრანგეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების სადაზვერვო სამსახურებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად გატეხეს დუროვის მობილური ტელეფონი. სპეცსამსახურები ვარაუდობდნენ, რომ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო", რომელიც ბევრ ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული, Telegram-ს იყენებდა მომხრეთა გადაბირებისა და ტერაქტების მოსამზადებლად.

ასევე, დუროვთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ირწმუნებიან, რომ Telegram-ი დიდი ხანია უგულებელყოფს საფრანგეთის სასამართლოების და სამართალდამცავი ორგანოების მითითებებს უკანონო კონტენტის წაშლის ან დანაშაულების გამოძიებაში დახმარებასთან დაკავშირებით. დუროვის დაკავების შემდეგ, Telegram-ის გუნდმა განაცხადა, რომ პლატფორმა იცავს ევროკავშირის კანონებს, მათ შორის შინაარსის მოდერაციის სფეროში.

მაკრონმა დუროვის დაკავებასთან დაკავშირებით თქვა, რომ საქმე არაა პოლიტიკური. რუსეთის ხელისუფლებას სხვა მოსაზრება აქვს და საფრანგეთს „ორმაგ სტანდარტებში“ ადანაშაულებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG