Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაფაელ გროსი: კურსკის აეს-ზე გარე ზემოქმედების შემთხვევაში არის ბირთვული ინციდენტის საფრთხე


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი. კალინინგრადი, 28 მაისი, 2024.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი. კალინინგრადი, 28 მაისი, 2024.

კურსკის აეს-ზე გარე ზემოქმედების შემთხვევაში არის ბირთვული ინციდენტის საფრთხე რადიაციის შესაძლო გაჟონვით, განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ. მან დღეს მოინახულა აეს-ი, რომელიც რუსეთის ქალაქ კურჩატოვის მახლობლად მდებარეობს. კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშების გამო იქ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

გროსის თქმით, „რთულია იმის თქმა, იქნება თუ არა ის ისეთივე მასშტაბისა, როგორისაც იყო ჩერნობილის აეს-ში მომხდარი ინციდენტი“.

გროსიმ აღნიშნა, რომ კურსკის აეს-ში იმავე ტიპის რეაქტორი მუშაობს, როგორიც იყო ჩერნობილში. შესაბამისად, მას არა აქვს სპეციალური დაცვა.

ქალაქ კურჩატოვის მერმა ადრე განაცხადა, რომ ქალაქში დღეში რამდენჯერმე ცხადდება სარაკეტო იერიშის საფრთხე და ხელისუფლება აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს, სკოლის მოსწავლეები კი სწავლას დისტანციურად დაიწყებენ.

17 აგვისტოს „როსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა რაფაელ გროსისთან საუბარში განაცხადა, რომ უკრაინული მხარე კურსკის ატომურ ელექტროსადგურში პროვოკაციას ამზადებს და სთხოვა IAEA-ის ხელმძღვანელს, ატომური ელექტროსადგური მოენახულებინა მისი უსაფრთხოების შესაფასებლად.

უკრაინამ ოფიციალურად უარყო ბრალდებები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მომზადების შესახებ.

კურსკის ოლქში ვიზიტის შემდეგ IAEA-ის ხელმძღვანელი გაემგზავრება კიევში, სადაც დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

უკრაინის არმია რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. იმ დღიდან რეგიონში გრძელდება ბრძოლები. კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს კურჩატოვთან ახლოს და არც ისე შორს რეგიონის ორი უდიდესი ქალაქიდან - კურსკიდან და ჟელეზნოგორსკიდან. იქ რკინაბეტონის თავშესაფრები მონტაჟდება, განაცხადა ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG