"ქართული ოცნების" გეგმის შესახებ Politico-სთან ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ისაუბრა. როგორც გამოცემა იტყობინება, სტანომ აღნიშნა, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია გასულ კვირას საქართველოს მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით, რომელიც "ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას" ეხება.
"ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად. პლურალიზმი არის „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენი", - ამბობს პიტერ სტანო.
მისივე სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს:
"ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ პროცესებსა და მთავრობის რიტორიკას და მზად არის, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუკი ეს განცხადებები ამოქმედდება".
20 აგვისტოს "ქართულმა ოცნებამ" დაასახელა ოთხი მიზეზი, რომელთა გამოც სურს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ოთხიდან პირველი მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა.
მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება 5%-იანი ბარიერით. ამ ეტაპამდე ჩატარებული არცერთი კვლევით არ დასტურდება, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 150 მანდატიდან 113-ის მიღებაა საჭირო.
ფორუმი