91 წლის ასაკში გარდაიცვალა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის, „ისკანდერ-მ-ის" (Искандер-М) შემქმნელი ოლეგ მამალიგა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა კოლომნის საკონსტრუქტორო ბიუროში. ის ასევე მონაწილეობდა „ტოჩკა“ (Точка) რაკეტების და პირველი საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო სისტემების შემუშავებაში.
ინფორმაცია ოლეგ მამალიგას გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ჰოლდინგმა „მაღალი სიზუსტის კომპლექსები“.
ოლეგ მამალიგა დაიბადა 1933 წლის 4 აპრილს, დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო- მექანიკური ინსტიტუტი, რის შემდეგაც განაწილებით მოხვდა კოლომნის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში, რომელიც ამჟამად ჰოლდინგ „მაღალი სიზუსტის კომპლექსების“ შემადგენლობაშია.
მამალიგა მონაწილეობდა პირველი საბჭოთა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების („შმელი“, „მალიუტკა“), კონტინენტთაშორისი რაკეტა „გნომის", ტაქტიკური და ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების („ტოჩკა“, „ოკა“, „ოკა-უ“) შემუშავებაში.
„ისკანდერის“ პირველი გაშვება 1993 წლის 18 თებერვალს შედგა, 2006 წლიდან კი ეს სარაკეტო კომპლექსი რუსეთის არმიის შეიარაღებაშია.
„ისკანდერი“ არის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემების კომპლექსი, რომლის დანიშნულებაა 500 კმ-ზე მდებარე სამიზნეების განადგურება. „ისკანდერი“ აღჭურვილია ბირთვული ქობინების გადატანის უნარით.
ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა შეიცავს თვითმავალ გამშვებს, სატრანსპორტო-დამტვირთავ მანქანას, სამეთაურო-საშტაბო ავტომობილს, რეგლამენტისა და ტექნიკური მომსახურების მანქანას, ინფორმაციის მოსამზადებელ სადგურს, უზრუნველყოფის ავტომობილს, არსენალის აღჭურვილობისა და სასწავლო საშუალებების კომპლექტს.
"ისკანდერის" ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემა უდევს საფუძვლად „კინჟალის“ სარაკეტო სისტემას. „ისკანდერები“ აქვთ თავიანთ შეიარაღებაში ბელარუსს, სომხეთსა და ალჟირს. რუსეთი აქტიურად იყენებს „ისკანდერებს“ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ბაქო-სუსფის ნავთობსადენი დაიბომბა „ისკანდერ მ-ის" სარაკეტო ცეცხლის სისტემებით. ამავე დღეს, RKB-250 ტიპის რაკეტები დაეცა გორის სტადიონსა და ცენტრალურ მოედანზე, რასაც რვა ადამიანის დაღუპვა, 15-ის კი დაჭრა მოჰყვა.
ფორუმი