ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ძლიერმა ქარმა, რომელსაც თან ახლდა წვიმა და სეტყვა, ცხინვალის რეგიონის სოფლებში ელექტროენერგიის გათიშვა და გზების დაზიანება გამოიწვია. განადგურებულია მოსავალიც.
სტიქიამ ყველაზე დიდი ზიანი ცხინვალის მიმდებარე სოფლებს მიაყენა. როგორც რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ინალ ბაზაევმა, საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს განუცხადა, ელექტროენერგიის გარეშე რჩება თითქმის მთელი რაიონი.
„სტიქიის შედეგები სერიოზულია. დენი მხოლოდ სოფელ არცევს მიეწოდება, დანარჩენი სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა. ძლიერ დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა. სოფლებთან საგზაო კავშირი შენარჩუნებულია, თუმცა გზები ძლიერ დაზიანებულია. სეტყვამ ხეებზე ფაქტობრივად აღარაფერი დატოვა, მოსავალზე საუბარი უკვე ზედმეტია“, - განაცხადა ბაზაევმა.
ელექტროენერგიის გარეშე რჩება ოკუპირებული ჯავის და კვაისას რაიონებიც.
„კვაისში ძლიერი წვიმა იყო, სოფლებისკენ მიმავალი გზები ჩამოირეცხა, ამიტომ გზის საფარს შეკეთება დასჭირდება. ძლიერი ქარის გამო ხეები ხეები გადატყდა, თუმცა საბინაო და კომუნალურმა სამსახურებმა გზა უკვე გაასუფთავეს. ქალაქ კვაისაში ელექტროენერგია ამ დრომდე არ არის აღდგენილი“, - განაცხადა კვაისას ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, იბრაჰიმ ხუგაევმა.
ოკუპირებული ჯავის რაიონის გამგეობის ხელმძღვანელის, ვანდა თიბილოვას თქმით, სტიქიის შედეგების შესაფასებლად სოფლების დათვალიერება უკვე დაიწყეს.
„სადღაც გადაკეტილია გზები და ახლა ვასუფთავებთ. სოფელ იტრაფისში ძლიერი სეტყვა მოვიდა, მოსავალიც დაზიანდა. სხვა სოფლებიდან სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია“, - აღნიშნა თიბილოვამ.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას აგრძელებს დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროც.
„ბევრია ინფორმაცია სახლების სარდაფების დატბორვის შესახებ. ახლა სამუშაოები მოსკოვსკის მიკრორაიონში მიმდინარეობს, შემდეგ დავიწყებთ წყლის ამოტუმბვას 8 ივნისის ქუჩაზე და ა.შ.“, - აცხადებენ დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.
ქარიშხალი, ძლიერი წვიმა და სეტყვა, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, 24 აგვისტოს გამთენიას დაატყდა თავს. ამ დრომდე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ფორუმი