თურქმენეთში ჯანდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გააფრთხილეს ექიმები, რომ აბორტების გაკეთებისთვის შეიძლება დიპლომები დაკარგონ. რადიო თავისუფლების თურქმენულ სამსახურს (Radio Azatlyk-ი) აშხაბადის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელმა უთხრა, რომ ამ გაფრთხილების შემდეგ ექიმები აღარ იღებენ ქალებს, რომლებიც აბორტის გაკეთებას ითხოვენ.
ორსულობის შეწყვეტა თურქმენეთში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ნაყოფი შეწყვეტს განვითარებას ან აღარ აქვს გულისცემა.
ზომების გამკაცრებაზე თურქმენეთის ხელისუფლება ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებს. ჟურნალისტების მიერ გამოკითხული ექიმები კი ასეთ გაფრთხილებას თინეიჯერ გოგოებში ორსულობის რაოდენობის ზრდას უკავშირებენ.
"ხელისუფლების ზომებმა შეიძლება შეამციროს აბორტების რაოდენობა, მაგრამ ეს არ შეამცირებს ორსული გოგოების რაოდენობას. პირიქით, უფრო და უფრო მეტი შემთხვევაა, როდესაც 15-16 წლის გოგოები მშობიარობენ და ახალშობილებს სამშობიაროებში ტოვებენ, რაც ობოლთა რაოდენობის ზრდას იწვევს", - განაცხადა ერთ-ერთმა აშხაბადელმა ექიმმა.
ექიმების აზრით, საავადმყოფოში აბორტის აკრძალვა იწვევს ჯანმრთელობისთვის საშიში მეთოდებით აბორტის სახლში გაკეთებას. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის წყაროთა ცნობით, გარდა ამისა, გამოჩნდნენ ექიმები, რომლებიც ფარულად აკეთებენ აბორტებს, მაგრამ მათ, როგორც წესი, გავლენიანი პატრონები ჰყავთ და თანაც ოპერაციებს მხოლოდ თავიანთი ნაცნობებისთვის ატარებენ.
- თურქმენეთი ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანაა მსოფლიოში. თურქმენეთის სახელმწიფო ინსტიტუტები არ ავრცელებენ სტატისტიკას ქალთა ჯანმრთელობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ. თურქმენული ჯანდაცვის განათლების ვებგვერდის, Saglyk-ის ანგარიშის თანახმად, თურქმენ ქალთა დაახლოებით 50%-ს არ აქვს კონტრაცეპტივების ხელმისაწვდომობა. მკვლევრების აზრით, აბორტი სტიგმატიზებულია ქვეყანაში და არ არსებობს სექსუალური განათლება.
ფორუმი