გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მომავალ კვირაში გეგმავს, მოინახულოს კურსკის ბირთვული ელექტროსადგური. ამის შესახებ მან Financial Times-ს განუცხადა.
გროსი აპირებს შეხვდეს სადგურის ხელმძღვანელებს და შეაფასოს სადგურის გარე და მისასვლელი გზების მდგომარეობა. მან აღნიშნა, რომ უკრაინული არმიის რუსეთის სიღრმეში წინსვლის შედეგად, სადგური ახლა მისაწვდომია უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიისთვის.
IAEA-ს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ატომური სადგურის სამხედრო ოპერაციებთან სიახლოვე "განსაკუთრებით შემაშფოთებელია", რადგან ადგილზე მუშაობს ორი რეაქტორი.
გასულ კვირაში რუსეთმა უკრაინა კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა. კერძოდ, ამის შესახებ განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, რომელმაც მოუწოდა გაეროს და IAEA-ს, დაგმონ „პროვოკაცია“ და თავდაცვის სამინისტრომ, რომელიც „საპასუხო ზომებით“ დაიმუქრა.
უკრაინამ ბრალდებები ოფიციალურად უარყო.
„უკრაინას არ აქვს არც განზრახვა და არც შესაძლებლობა, განახორციელოს რაიმე მსგავსი ქმედებები, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საშიში სიცრუის გავრცელება“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გეორგი ტიხი.
კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს კურჩატოვთან ახლოს და არც ისე შორს რეგიონის ორი უდიდესი ქალაქიდან: კურსკიდან და ჟელეზნოგორსკიდან. იქ რკინაბეტონის თავშესაფრები იგება, განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა.
უკრაინის არმია რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 6 აგვისტოს შევიდა. იმ დღიდან რეგიონში ბრძოლა გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ აკონტროლებენ ათეულობით დასახლებას, მათ შორის რეგიონულ ცენტრს, სუჯას.
რუსეთის ხელისუფლება მსგავს ინფორმაციას ან უარყოფს, ან კომენტარს არ აკეთებს. კურსკის რეგიონში ფედერალური საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. რეგიონიდან ამ დროისთვის ევაკუირებულია 100 ათასზე მეტი ადამიანი. ევაკუაცია ასევე მიმდინარეობს უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიებიდან.
ფორუმი