მეზვრიშვილი ამბობს, რომ დღეს, 21 აგვისტოს, თავისივე განცხადების საფუძველზე იყო დაბარებული პროკურატურაში, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვა გამოძიების დაწყება და გამოძიების დაწყებაზე დასაბუთებული წერილობითი უარი.
'"პროკურატურაში მივედი, გამოძიება დაწყებული არ ჰქონდათ. არადა განცხადებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და პროკურატურა ვალდებულია, ავტომატურად დაიწყოს გამოძიება. მეტიც, მე რომ არ შემეტანა, თავად უნდა დაეწყოთ. მაინც მივედი - პატივს ვცემ ინსტიტუციას და საჯარო მოხელეებს. ნაცვლად გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისა, მოითხოვეს მონაწილეობა გასაუბრების პროცედურაში, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. ეს უკანონო პროცედურა სჭირდებოდათ პარლამენტის თავმჯდომარისთვის ხელის დაფარების გასამართლებლად. ბუნებრივია, ამის საშუალება არ მივეცი.
შევადგენინე კანონიერი ოქმი, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირე მოთხოვნა გამოძიების დაწყებაზე და გამოვხატე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის (ანუ კანონიერ პროცესში მონაწილეობის) მზაობა. ოქმში, ბუნებრივია, არ ჩავაწერინე ის, რაც უნდოდათ (რომ დამეფიქსირებინა უარი ინფორმაციის მიწოდებაზე).
ასევე, მოვითხოვე გამოძიების დაწყებაზე დასაბუთებული, წერილობითი უარი.
მოგიწოდებთ, გამოაქვეყნოთ ოქმი (რომელზეც ჩემი ხელმოწერაა) და ველოდები წერილობით პასუხს გამოძიების დაწყებაზე უარზე", - მიმართავს ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას.
მეზვრიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ იგი წერდა 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში:
"1. 26 ივლისს მან [შალვა პაპუაშვილმა] ბრიფინგზე დააანონსა ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო და დაემუქრა ოპოზიციას ზონდერების ძალადობით. მისი მუქარა განავრცეს „ოცნების“ და მისი სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატებმა;
2. ამას წინ უძღოდა პაპუაშვილის მიერ 11 ივლისს, მისსავე ფბ გვერდზე მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აქტივისტების მიმართ სახელობითი მუქარა, საიდანაც დაახლოებით 1 საათში აქტივისტ ბერძენიშვილს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ;
3. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს, რას ფიქრობდა მის მიერ წახალისებულ ამ თავდასხმაზე, ძალადობის დაგმობის ნაცვლად, მან კიდევ უფრო მეტი ძალადობა დააანონსა;
4. 05 აგვისტოს პაპუაშვილის მუქარა რეალიზებული იქნა ბათუმში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიას ვმართავდით. ადგილზე ორგანიზებულად მივიდნენ „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტები (ზოგიერთი მათგანი ნასვამ მდგომარეობაში) და შეეცადნენ კამპანიის ჩაშლას. პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს და დაატოვებინეს ტერიტორია. გამოძახებული პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც „ოცნების“ ზონდერ-აქტივისტებმა ტერიტორია დატოვეს".
ნათია მეზვრიშვილმა პროკურატურას განცხადებით 30 ივლისს და 7 აგვისტოს მიმართა. იგი ამტკიცებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ქმედებაში არის სისხლის სამართლის კოდექსის 239 პრიმა მუხლით (ძალადობისკენ მოწოდება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
ფორუმი