Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გადაიყვანეს 15 წლის მოზარდი, რომელიც დედოფლისწყაროში ხელოვნურ ტბაში ცუდად გახდა


საილუსტრაციო ფოტო: დედოფლისწყაროს კლინიკა
საილუსტრაციო ფოტო: დედოფლისწყაროს კლინიკა

დედოფლისწყაროში, ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯერ ადგილობრივ კლინიკაში მიიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი 15 წლის მოზარდი.

ადგილობრივების ინფორმაციით, მშენებარე „ცენტრალური პარკის“ ხელოვნურ ტბაში არასრულწლოვანები ცურავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. მათ მოზარდი დედოფლისწყაროს კლინიკაში გადაიყვანეს.

რადიო თავისუფლებას კლინიკის ხელმძღვანელმა ხათუნა აგლაძემ უთხრა, რომ პაციენტი დედოფლისწყაროდან თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, გადაიყვანა კატასტროფის ცენტრმა.

„ჩვენთან კრიტიკულ მდგომარეობაში მოიყვანეს, გულის ამუშავება მოვახერხეთ. ბავშვი მართვით სუნთქვაზეა და თბილისში გადაიყვანეს“, - თქვა ხათუნა აგლაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დედოფლისწყაროს სამმართველომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.

დედოფლისწყაროს დაუსრულებელი ცენტრალური პარკი
დედოფლისწყაროს დაუსრულებელი ცენტრალური პარკი

რადიო თავისუფლება ამ ეტაპზე უშედეგოდ ცდილობს დაუკავშირდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას იმის გასარკვევად, როგორ მოხვდნენ მოზარდები პარკში, რომლის მშენებლობაც ჯერ არ არის დასრულებული.

დედოფლისწყაროში 17 ჰექტრამდე ტერიტორიაზე ახალი პარკის მოწყობა 2022 წელს დაიწყო. პროექტის მიხედვით, პარკში უნდა მოეწყოს სპორტული და საბავშვო მოედნები, რესტორნები, შემეცნებითი და გასართობ ობიექტები, ასევე ხელოვნური ტბა. პროექტის ბიუჯეტი 14 მილიონი ლარია, სამუშაოები ამ დრომდე არ არის დასრულებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG