Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბმა თავის ყოველდღიურ ანგარიშებში პირველად ახსენა კურსკის ოპერაცია


უკრაინელი სამხედრო რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, რომელზეც, უკრაინული მხარის თანახმად, კონტროლი 14 აგვისტოს დაამყარეს.
უკრაინელი სამხედრო რუსეთის კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში, რომელზეც, უკრაინული მხარის თანახმად, კონტროლი 14 აგვისტოს დაამყარეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ყოველდღიურ ანგარიშებში, რომლებსაც საჯაროდ აქვეყნებს, პირველად შეიტანა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია.

20 აგვისტოს, ღამით გამოქვეყნებულ ანგარიშში გენშტაბი ერთი წინადადებით აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციას განაგრძობენ კურსკის მიმართულებით. 6 აგვისტოს შემდეგ, როცა უკრაინის ჯარებმა სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს, ეს პირველი შემთხვევაა, როცა გენერალური შტაბი თავის ანგარიშებში ამ ოპერაციაზეც მიუთითებს.

20 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკვე 93 დასახლებულ პუნქტს(1263მ²) აკონტროლებენ. დამოუკიდებელი წყაროებით ამ ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

უკრაინის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის წარმომადგენლებთან ვიდეოხიდისას სირსკიმ განმარტა, რომ კურსკის ოპერაციის მიზანია უსაფრთხოების ზონის შექმნა და რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის სუმის ოლქზე თავდასხმების შეწყვეტა.

კურსკის ოლქზე უკრაინელების შეტევის გამო რუსეთი იძულებული გახდა, ამ რეგიონში დამატებითი სამხედრო ძალები გაეგზავნა და სასაზღვრო რაიონებიდან გაეყვანა ათეულობით ათასი ადამიანი.

კურსკის ოლქში გამოცხადებულია ფედერალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა და „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი".

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ამ დრომდე მხოლოდ ერთხელ, 12 აგვისტოს განაცხადეს, რომ კურსკის ოლქში უკრაინელების კონტროლქვეშაა 28 დასახლებული პუნქტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG