Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის მერი აცხადებს, რომ დედაქალაქზე დრონებით შეტევის „მასშტაბური მცდელობა“ იყო


ფოტო არქივიდან. 2023 წლის ივლისში მოსკოვზე დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული შენობა
ფოტო არქივიდან. 2023 წლის ივლისში მოსკოვზე დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებული შენობა

გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის დედაქალაქ მოსკოვთან. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა აფეთქებები უკრაინული დრონების მოსაგერიებლად რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობით ახსნა.

პირველი ცნობა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა მოიგერიეს, სობიანინმა ტელეგრამით გაავრცელა ადგილობრივი დროით 04:02 საათზე. მოსკოვის მერი წერდა, რომ წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. პოდოლსკი მოსკოვის ცენტრიდან 36 კილომეტრში მდებარეობს.

პირველი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ სობიანინმა ტელეგრამზე კიდევ ორჯერ დაწერა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისკენ მიმავალი დრონების მოგერიებას განაგრძობენ. მერის თანახმად, დილის ექვსის ნახევრისთვის ჩამოგდებული იყო რვა დრონი. სად, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

05:43 საათზე სობიანინმა ტელეგრამზე დაწერა, რომ კიდევ ორი დრონი ჩამოაგდეს, უპილოტო საფრენი აპარატებისგან მოსკოვის „ეშელონირებულმა დაცვამ წარმატებით მოიგერია ყველა შეტევა“ და საჰაერო თავდაცვის ძალებმა სულ „10 ცალი ჩამოაგდეს“. სობიანინის თანახმად, ეს იყო მოსკოვზე შეტევის „ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მცდელობა“. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.

უკრაინას რუსეთის დედაქალაქზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.

მოსკოვის მერმა ბოლოს 2024 წლის ივლისში განაცხადა, რომ დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.

ერთი წლით ადრე, 2023 წლის მაისიდან სექტემბრამდე მოსკოვზე დრონებით ათზე მეტი თავდასხმა იყო და არაერთი შენობა დაზიანდა.

2023 წლის 3 მაისს მოსკოვში ისიც კი განაცხადეს, რომ კრემლზე დრონებით თავდასხმა აღკვეთეს. ივლისსა და აგვისტოში, სულ მცირე, სამი შეტევა იყო მოსკოვი-სიტიდ წოდებულ ცათამბჯენების რაიონზე, სადაც მდებარეობს რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები.

კრემლის მიერ კონტროლირებული მედია იუწყებოდა, რომ ამ დარტყმების შემდეგ, მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემა დამატებითი საშუალებებით გააძლიერეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG