დონეცკის ქალაქების, პოკროვსკისა და მირნოგრადის ხელისუფლებები რუსეთის არმიის შეტევის მოლოდინში ადგილობრივ მოსახლეობას კვლავ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ. პოკროვსკის დატოვება აუცილებელია ორი კვირის განმავლობაში, ხოლო ახლომდებარე მირნოგრადის მცხოვრებლებმა ქალაქი უახლოეს დღეებში უნდა დატოვონ, - ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების მიმართვაში.
ვითარება დაძაბულია ასევე ტორეცკის მიმართულებით.
"პოკროვსკის მიმართულებით მძიმე ბრძოლა გრძელდება. თავდაცვის ძალები ასევე აკეთებენ ყველაფერს, რაც აუცილებელია ტორეცკის დასაცავად", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის ტელეგრამის არხში.
აღმოსავლეთ უკრაინის სტრატეგიულ-ლოგისტიკურ ცენტრად მიჩნეული პოკროვსკის მიმართულება რჩება აღმოსავლეთ უკრაინაში ყველაზე ინტენსიური ბრძოლის არეალად, სადაც გასულ კვირას დაფიქსირდა შეტაკებების რეკორდული რაოდენობა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, გასულ კვირას რუსი სამხედროები პოკროვსკის გარეუბანს 10 კილომეტრის დაშორებით მიუახლოვდნენ.
რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვადიმ ფილაშკინის თქმით, ქალაქ პოკროვსკსა და მის მიმდებარე დასახლებებში დაახლოებით 53 ათასი ადამიანი, მათ შორის თითქმის ოთხი ათასი ბავშვი რჩება.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი დობრიაკმა ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს. სამოქალაქო პირებს აქვთ "ერთი ან ორი კვირა, მეტი არა", - განუცხადა მან რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს. დობრიაკმა დასძინა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს დღეში მინიმუმ ათასი ადამიანის ევაკუაციის შესაძლებლობა, მაგრამ ამჟამად ქალაქს დღეში მხოლოდ 500-600 ადამიანი ტოვებს.
პოკროვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ხუთ კილომეტრზე ნაკლები მანძილით მდებარე მირნოგრადი სამი დღეა რუსული არტილერიის ცეცხლის ქვეშ იმყოფება, - ამის შესახებ სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა იური ტრეტიაკმა განაცხადა. აქტიური სამხედრო ოპერაციები ქალაქიდან ექვს კილომეტრზე ცოტა ნაკლებ მანძილზე მიმდინარეობს, უთხრა მან პროექტ „დონბას.რეალიის“. "თუ პოკროვსკის მოსახლეობას [ევაკუაციისთვის] ჯერ კიდევ აქვს ორი კვირა, მირნოგრადის შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე დღეა დარჩენილი", - აღნიშნა მან.
ტრეტიაკის თანახმად, ქალაქიდან ადგილობრივი ადმინისტრაცია და საწარმოები გაჰყავთ; მაღაზიები და აფთიაქები იხურება.
მისივე თქმით, პოკროვსკის რაიონში ბავშვიანი ოჯახების იძულებითი ევაკუაცია დაიწყო.
კურსკის ტერიტორიაზე უკრაინული შეიარაღებული ძალების შესვლის შემდეგ მიმდინარე მძიმე ბრძოლების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს დონეცკის მიმართულებით.
ბრძოლები მიმდინარეობის ქალაქ ბახმუტის გარშემოც, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში საბრძოლო ამოცანას თითქმის 20 თვეა ასრულებს სპეცდანიშნულების რაზმი „შავი არწივი“. ეს არის მრავალეროვნული დანაყოფი, რომლის მეთაური ვაკო სულაძე (იგივე აბუ მარიამ ალ გურჯი) რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა და აცნობა, რომ 14 აგვისტოს საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს თანამებრძოლი დაეღუპა.
ფორუმი