გარდა ამისა, 2020 წლისგან განსხვავებით, როცა პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს 1%-იც ჰყოფნიდათ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი იმოქმედებს.
წესი მარტივია - საიმისოდ, რომ პარტია პარლამენტში მოხვდეს, ხმების მინიმუმ 5% უნდა აიღოს. შემდეგ კი პარლამენტის 150 მანდატი იმ პარტიებზე გადანაწილდება, ვინც ბარიერი გადალახა.
რა მოუვა შენს ხმას, თუ შენი პარტია ბარიერს ვერ გადალახავს?
ნებისმიერ სისტემაში, სადაც საარჩევნო ბარიერი მოქმედებს, ამომრჩეველთა ნაწილი ისეთ პარტიებს აძლევს ხმას, რომლებიც ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ და პარლამენტს გარეთ რჩებიან.
ამას დაკარგულ ხმებს უწოდებენ - ადამიანი არჩევნებზე წავიდა, სასურველ პარტიას ხმა მისცა, მაგრამ მისი არჩევანი პარლამენტში არ აისახა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის 150 მანდატი იმ პარტიებზე გადანაწილდება, ვინც 5%-იანი ბარიერი გადალახა, ხოლო მანდატების რაოდენობა გამოითვლება მხოლოდ ამ პარტიების ხმების ჯამის გათვალისწინებით. აი, რა წერია კოდექსში:
„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების (არ ითვლება გაბათილებული ბიულეტენები - რ.თ.) 5 პროცენტი მაინც მიიღეს“.
გამოდის, რომ თუ არჩევნებზე ხმას ისეთ პარტიას მისცემ, რომელიც ბარიერს ვერ გადალახავს, შენი ხმა მნიშვნელობას მთლიანად კარგავს.
ასეთი სცენარის თავიდან ასაცილებლად, მათი ხმა რომ არ გაიფლანგოს, უცხო ქვეყნებში ამომრჩევლები ზოგჯერ ტაქტიკურ ხმის მიცემას მიმართავენ. ეს კი ასე მუშაობს - პირველი პარტია შეიძლება მეორეზე მეტად მოგწონდეს, მაგრამ ეჭვი გეპარება, რომ პირველი ბარიერს გადალახავს. ასეთ დროს ხმას აძლევ მეორეს, რადგან პირველის გარდა, ყველა დანარჩენ პარტიას გირჩევნია და არ გინდა, შენი ხმა დაიკარგოს.
ვის (არ) აწყობს ბარიერი?
ამ შეკითხვასაც მარტივი პასუხი აქვს - პატარა პარტიებს ურჩევნიათ, ბარიერი რაც შეიძლება დაბალი იყოს, ასე ნაკლები იქნება რისკი, რომ პარლამენტს გარეთ დარჩებიან.
მეორე მხრივ, ბარიერით ხეირობენ პარტიები, რომლებსაც მისი გადალახვა არ უჭირთ - რაც უფრო ნაკლები პარტია შევა პარლამენტში, მით უფრო მეტ მანდატს მიიღებენ ისინი, ვინც ბარიერს გადალახავს.
ასეთი, პირველ რიგში, პირველ ადგილზე გასული პარტიაა. პროპორციული სისტემა მათ ნაკლებად სწყალობს - თუ ქართულმა ოცნებამ 2016 წელს ხმების 48%-ით მაჟორიტარული სისტემის ხარჯზე მანდატების 76% მიიღო, 2024 წელს იგივე ვეღარ გამოუვა.
ასეთ ვითარებაში შეიძლება, პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ სწორედ ბარიერის ხარჯზე მოიპოვოს მანდატების უმრავლესობა ისე, რომ ხმების ნახევარზე მეტი აიღოს - თუ ხმების დიდი ნაწილი გაიფანტება, მანდატები პარლამენტში შესულ პარტიებზე გადანაწილდება. ამ შემთხვევაში, დამატებით მანდატებს მიიღებს პირველ ადგილზე გასული ძალა და შეიძლება, უმრავლესობისთვისაც ეყოს.
როგორ იცვლებოდა ბარიერი არჩევნებიდან არჩევნებამდე
დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების სისტემა მუდამ იცვლებოდა, შესაბამისად, იცვლებოდა ბარიერის რაოდენობაც.
ამას დიდი გავლენა ჰქონდა პარლამენტის შემადგენლობაზე და შედეგად, პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
მაგალითად, 1992 წელს არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდა და მაშინ ყველაზე ჭრელი - 24 პარტიისგან შემდგარი პარლამენტი მივიღეთ.
1995 წელს, კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი 5%-მდე გაიზარდა, ხოლო 1999 წლიდან 2008 წლის ჩათვლით 7%-იანი ბარიერი მოქმედებდა.
გაზრდილმა ბარიერმა პარტიებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა გაუძნელა. 1995 და 1999 წლებში ბარიერი სამმა სუბიექტმა გადალახა, 2004-ში - სამმა, 2008 წელს კი - ოთხმა.
2012 და 2016 წლებში არჩევნები კვლავ 5%-იანი ბარიერით გაიმართა. 2012 წელს პარლამენტში მხოლოდ ორი ძალა - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოხვდა, 2016 წელს კი მათ დაემატა „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც მცირედით გადალახა ბარიერი და პირველად შევიდა პარლამენტში.
ბოლო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ ახალი სისტემით ჩატარდა. დაპირების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული სისტემა ბოლომდე არ გააუქმა. სანაცვლოდ, მაჟორიტარების რაოდენობა შეამცირა, 120-მდე გაზარდა პროპორციული წესით არჩეული პარლამენტარების რაოდენობა და ბარიერი, ფაქტობრივად, გააუქმა - ყველა პარტია, რომელიც 1%-ს მაინც მიიღებდა, პარლამენტში მოხვდებოდა.
შედეგად, ამჟამინდელი, მეათე მოწვევის პარლამენტი, 1992 წლის შემდეგ ყველაზე უფრო მრავალპარტიულია - წინა არჩევნების შემდეგ ცხრა პარტიამ მიიღო საპარლამენტო მანდატი.
უნდა გვქონდეს ბარიერი?
ამ შეკითხვას უნივერსალური პასუხი არა აქვს. ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ სისტემებში, სადაც არჩევნებს პროპორციული წესით ატარებენ, ბარიერი განსხვავებული სიდიდისაა.
ეს კი, თავის მხრივ, განსხვავებულ პოლიტიკურ ლანდშაფტს ქმნის. როგორც საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის მაგალითზე განვიხილეთ, დაბალი ბარიერი უკეთეს პოლიტიკურ წარმომადგენლობას უზრუნველყოფს, მაღალი ბარიერი კი - უფრო კონსოლიდირებულ სისტემას.
სადაც ბარიერი დაბალია ან არ მოქმედებს, ნაკლები ხმა იკარგება, პოლიტიკური სპექტრი უფრო დანაწევრებული და ნიშურია. ასეთ პირობებში, მეტი შანსია, რიგითმა ამომრჩეველმა თავის პოლიტიკურ გემოვნებასთან ყველაზე ახლოს მყოფი პარტია მოძებნოს.
თუმცა ამას მინუსიც აქვს - პარლამენტში ბევრი პარტიის ყოფნა წარმოშობს კოალიციებისა და მუდმივად კონსენსუსის ძიების აუცილებლობას. ეს არსად არაა ადვილი საქმე - პარტიებს ყველაზე განვითარებულ დემოკრატიებშიც უჭირთ ხოლმე შეთანხმება, რაც პოლიტიკური კრიზისების - კოალიციების დაშლის თუ ვადამდელი არჩევნების საფუძველი ხდება.
საბოლოოდ, საარჩევნო სისტემის არქიტექტორების მთავარი ამოცანა ამ ორ მიზანს - ფართო წარმომადგენლობასა და პოლიტიკურ სტაბილურობას შორის ოქროს შუალედის პოვნაა.
იმას, თუ სად გადის ეს ოქროს შუალედი, ადგილობრივი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით წყვეტენ. მაგალითად, ნიდერლანდში, სადაც საქართველოს მსგავსად 150 პარლამენტარს ირჩევენ, ერთი მანდატისთვის ხმების 0.67%-ის მიღებაც საკმარისია. ბოლო არჩევნების შედეგად ნიდერლანდის პარლამენტში 15 პარტია მოხვდა. მმართველ კოალიციაში, რომლის ჩამოყალიბებას შვიდ თვეზე მეტი დასჭირდა, ახლა ოთხი პარტიაა.
მეორე მხრივ, გერმანიაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ფედერალური რესპუბლიკის შემქმნელებს ვაიმარის რესპუბლიკის დროინდელი პოლიტიკური ფრაგმენტაციის თავიდან არიდება სურდათ, 5%-იანი ბარიერი შემოიღეს. ბუნდესტაგში ახლა ექვსი პარტიაა, გერმანიის მთავრობაში კი - სამი. თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა, როცა მმართველ კოალიციაში ორ პარტიაზე მეტია.
საქართველოს კოალიციური მთავრობა ჯერ არ ჰყოლია, თუმცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ამის ალბათობას მხოლოდ ზრდის, მიუხედავად იმისა, რომ იმოქმედებს 5%-იანი ბარიერი.
პასუხები არჩევნების შესახებ სხვა კითხვებზე ნახეთ აქ
ფორუმი