Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ოცნებას” არ ეყო ხმები ზუგდიდის საკრებულოში თანამდებობის პირების იმპიჩმენტისთვის


სხდომა ზუგდიდის საკრებულოში. ფრაქცია “ახლის” თავმჯდომარე მაია კალანდია ასეთი ბანერით შევიდა სხდომაზე.
სხდომა ზუგდიდის საკრებულოში. ფრაქცია “ახლის” თავმჯდომარე მაია კალანდია ასეთი ბანერით შევიდა სხდომაზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ კენჭი უყარა საკრებულოს თანამდებობის პირების გადაყენების საკითხს, თუმცა საკმარისი ხმების არქონის გამო, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდნენ მხოლოდ “ქართული ოცნების” 18 და “ხალხის ძალის” ორი წევრი. სწორედ ამ 20 დეპუტატის ავტორობით შევიდა 10 აპრილს საკრებულოში წერილი საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და კომისიის თავმჯდომარეების იმპიჩმენტის მოთხოვნით. თუმცა კვორუმის არარსებობის გამო, მას შემდეგ საკითხის განხილვა ვერ ხერხდებოდა.

დღევანდელ სხდომას ოპოზიციის ნაწილი ესწრებოდა. კერძოდ, პარტია „ახლის” 13 და პარტიის, „საქართველოსთვის“ სამი წარმომადგენელი. მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. სხდომაზე ამჯერადაც არ გამოცხადებულა "ენმ-ის" რვა დეპუტატი.

ზუგდიდის საკრებულოში, სადაც უმრავლესობაში ოპოზიციური პარტიებია, თანამდებობები გადანაწილებული აქვთ ექსპრემიერ გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ სამ და გვარამია-მელიას პარტია „ახლის“ 14 წევრს. 45-წევრიან საკრებულოში მათი იმპიჩმენტისთვის 23 დეპუტატის თანხმობა იყო საჭირო.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი თანამდებობის პირების გადასაყენებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს გაურიგდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება ვერ შედგა.

კენჭისყრა ზუგდიდის საკრებულოში
კენჭისყრა ზუგდიდის საკრებულოში

“ეს ყველაფერი იყო "ოცნების" მარცხი…საკითხი თანამდებობის პირების გადაყენების შესახებ ჩავარდა… “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” მთელი ამ სამი თვის განმავლობაში ერთად ცდილობდნენ ბოიკოტი გამოეცხადებინათ საკრებულოსთვის. ისინი ამ ფაქტით საბოტაჟს უცხადებდნენ ჩვენს მოქალაქეებსაც. "ენმ-ისა" და “ოცნების” შეთანხმების მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა რუსთავში, სადაც მათ ჩვენი გუნდის, “გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენელი გადააყენეს თანამდებობიდან… ამის შემდეგ ჩვენთვის ცხადი გახდა ეს გარიგება, რომელიც დღეს ზუგდიდში ჩაიშალა”, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ, პარტიის, „საქართველოსთვის” წევრმა გიგა ფარულავამ.

ფრაქცია “ახლის” თავმჯდომარე მაია კალანდიას შეფასებით, მმართველი გუნდის და "ენმ-ის" გარიგების ჩაშლის მიზეზი ე.წ აგენტების კანონის მიღება გახდა.

“არჩევნებიც იგივე შედეგით დასრულდება. ანუ “ქართულ ოცნებას” მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა… ვისი იმედით შემოიტანა "ოცნებამ" განცხადება ოპოზიციური პარტიებიდან არჩეული თანამდებობის პირების გადაყენებაზე? … მე ვფიქრობ, “რუსული კანონი”, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა და დაამტკიცა, არ მისცემს არცერთ ოპოზიციურ პარტიას იმის იმედს, რომ ითანამშრომლოს “ქართულ ოცნებასთან”, - განაცხადა მაია კალანდიამ.

პარტიების, „საქართველოსთვის“ და "ახლის“ წევრებს გარიგებაზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც „ქართული ოცნების“, „ხალხის ძალისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ერთდროულად დაიწყეს საკრებულოს სხდომების გაცდენა.

მოგვიანებით „ქართული ოცნებამ” სხდომების გაცდენის ბუნდოვანი მიზეზი დაასახელა - ფრაქციის თავმჯდომარე სანდრო სორდიამ თქვა, რომ ჰქონდათ პოლიტიკური კონსულტაციები, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვისთან და რა თემაზე. ამასთან, მან უარყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგება და განაცხადა, რომ ამ პარტიის ბოიკოტი ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის კონფლიქტს უკავშირდება.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მისი წევრები ამ დრომდე არ ასახელებენ სხდომების გაცდენის მიზეზს.

რატომ დააყენეს ოპოზიციონერი თანამდებობის პირების იმპიჩმენტის საკითხი, როცა საამისოდ საკმარისი ხმები არ ჰქონდათ, “ქართული ოცნების” წევრმა თაზო ფაცაციამ ამ კითხვას ბუნდოვანი პასუხი გასცა:

“ამით "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა იმის დემონსტრაცია, რომ "ქართული ოცნების" გარეშე არცერთი ოპოზიციური პარტია ძალას არ წარმოადგენს”.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო დეპუტატების ნაწილის ბოიკოტის გამო სამი თვის განმავლობაში სრულყოფილად მუშაობას ვერ ახერხებდა. საკრებულოს თავმჯდომარემ დღეს იმედი გამოთქვა, რომ იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ სხდომებს ჩვეულ რეჟიმში ჩაატარებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG