Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსმა გამოაცხადა უკრაინის საზღვართან რაკეტებისა და ჯარების გადასროლის შესახებ


ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტარ ხრენინი. 2 აპრილი, 2024.
ბელარუსის თავდაცვის მინისტრი ვიქტარ ხრენინი. 2 აპრილი, 2024.

ბელარუსი უკრაინის საზღვრისპირა რაიონებში განათავსებს „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებს, „პოლონეზის“ ტიპის ზალპური ცეცხლის სისტემებსა და სპეცდანიშნულების ძალებს, განაცხადა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტარ ხრენინმა.

შაბათს ქვეყნის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ 9 აგვისტოს ბელარუსის ტერიტორიაზე გაანადგურეს მოიერიშე დრონები. მისი თქმით, „არავითარი პროვოკაცია არ დარჩება უპასუხოდ“.

„იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც იქმნება უკრაინაში, ასევე რუსეთის კურსკის ოლქში, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, გომელისა და მოზირის ტაქტიკურ მიმართულებებზე გაძლიერდეს საჯარისო დაჯგუფებები ნებისმიერ პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“, მოჰყავს BBC-ს ხრენინის სიტყვები.

გარდა ამისა, მან თქვა, რომ ძლიერდება საზენიტო-სარაკეტო ძალები და საშუალებები და რადიოტექნიკური ჯარები, ასევე ავიაცია. კიევში აცხადებენ, რომ ბელარუსის ამ განცხადებების მიზანია, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყურადღება მიიზიდოს.

„ბელარუსის მიერ საზღვრის პირას ჯარების თავმოყრა - ესაა მცდელობა, დაეხმარონ პუტინს და უკრაინის სარდლობის ყურადღება ამ მიმართულებისკენ მიაპყრონ“, თქვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრი კოვალენკომ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG