Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - ბორელი აგვისტოს ომის 16 წლისთავს გამოეხმაურა


საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეპ ბორელი რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. როგორც ის აღნიშნავს, ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია.

განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ქართულად გამოაქვეყნა, ბორელი წერს, რომ გრძელდება საქართველოს კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დარღვევა და „ბორდერიზაცია“.

„ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის“, - აცხადებს ბორელი.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი მხარს უჭერს 12 აგვისტოს გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრულად შესრულებას.

„კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სრულად ერთგულნი ვრჩებით, მათ შორის ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID) თანათავმჯდომარის რანგში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობის საშუალებით. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად.

ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერია ჟოზეპ ბორელის განცხადებაში.

2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარულ სამხედრო ძალებს, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაწყებული ჰქონდათ სამხედრო იერიში.

2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. ომის დროს დაიჭრა 1747 ადამიანი. საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა პირმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე ადამიანი.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველომ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე, მათგან 125 დღემდე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშაა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შუამავალი იყო იმ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების ექვსპუნქტიან შეთანხმებას. ამ დოკუმენტის პირობებს რუსეთი დღემდე არღვევს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა და იმავე წლის სექტემბერში - ნიკარაგუამ. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარეს ვენესუელამ და ნაურუმ და 2018 წელს - სირიამ. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა ჯერ აღიარეს, შემდეგ კი გააუქმეს ვანუატუმ და ტუვალუმ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG