კიევიდან მიმართეს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასა და გაეროს - რუსეთის მიერ ტყვედ აყვანილი კიდევ ერთი უკრაინელი მებრძოლის სავარაუდო სასტიკი მკვლელობის გამო. კერძოდ, საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა უკრაინის რადის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა დმიტრი ლუბინეცმა.
„[სოციალურ] ქსელებში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც, სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვეა ასახული, რომელსაც რუსებმა მოკვეთეს თავი და კიდურები. ამით დაირღვა არა მხოლოდ ჟენევის კონვენცია ტყვეების მიმართ მოპყრობის შესახებ, ეს არის არაადამიანების ქმედება. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად, არცერთი სამხედრო ტყვე არ უნდა დაექვემდებაროს ფიზიკურ ხელყოფას, ძალადობას ან მკვლელობას", - წერს ლუბინეცი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.
„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს მამაკაცის სხეული, რომელსაც მოჭრილი აქვს თავი და კიდურები. მას აცვია მაისური წარწერით: "Все буде Україна!" [ყველაფერი კარგად იქნება, უკრაინა!], ხაკისფერი შარვალი და ზუსტად ისეთივე ფეხსაცმელი, როგორიც უკრაინელ სამხედროებს აქვთ.
დმიტრი ლუბინეცი თხოვნით მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღება გაამახვილონ „ტერორისტი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების მორიგი დარღვევის“ ფაქტზე.
უკრაინის პროკურორის ოფისმა გამოაცხადა წინასასამართლო გამოძიების შესახებ, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიხედვით, რაც უკავშირდება ომის კანონებისა და წესების დარღვევას განზრახ მკვლელობის თანხლებით.
უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელიც „აზოვის“ პოლკში მსახურობდა, როსტოვის საგამოძიებო იზოლატორში გარდაიცვალა.
სოციალურ ქსელებში წერენ იმის შესახებაც, რომ გავრცელებულ ფოტოზე მონტაჟის კვალი შეინიშნება.
ფორუმი