ახლო აღმოსავლეთში ახალი დაძაბულობის ფონზე აშშ-ის საელჩომ ბეირუთში შაბათს მოუწოდა თანამოქალაქეებს დატოვონ ლიბანი "ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით". ასეთი რეკომენდაცია მოჰყვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის მსგავს გაფრთხილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ სიტუაცია "შეიძლება სწრაფად გაუარესდეს."
მანამდე ირანი მკაცრ შურისძიებას დაჰპირდა ისრაელს, რომელსაც ირანის ხელისუფლება 31 ივლისის ღამეს თეირანში ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში ადანაშაულებს.
ლიბანში ამერიკული დიპლომატიური მისიის 3 აგვისტოს შეტყობინებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც გადაწყვეტენ ლიბანში დარჩენას, უნდა მოამზადონ სამოქმედო გეგმა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში და მზად იყვნენ დიდხანს დარჩნენ სამალვაში. ამავე დროს, დიპლომატიურმა მისიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ შეაჩერა ფრენები ქვეყანაში, მაგრამ ლიბანიდან კომერციული ტრანსპორტირების შესაძლებლობა კვლავ რჩება.
თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დამატებით სამხედრო გემებსა და გამანადგურებლებს აგზავნის, რათა ისრაელს დაეხმაროს ირანისა და მასთან დაკავშირებული ძალების შესაძლო თავდასხმებისგან თავის დაცვაში.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ თანამოქალაქეებს მოუწოდა, ვიდრე კომერციული ფრენების ჯერ კიდევ სრულდება, დაუყოვნებლივ დატოვონ ლიბანი. ლონდონმა გამოაცხადა დამატებითი სამხედრო მოსამსახურეებისა და დიპლომატიური პერსონალის გაგზავნა ქვეყანაში ევაკუაციის დასახმარებლად.
არსებობს საშიშროება, რომ ლიბანში დაფუძნებულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“, რომელიც ირანის მხარდაჭერით სარგებლობს, შეიძლება მნიშვნელოვანი როლი იმ შურისძიების აქტში, რომლითაც თეირანი ისრაელს ჰანიეს სიკვდილთან დაკავშირებით ემუქრება. BBC-ის გამოცემის თანახმად, ამან, თავის მხრივ, შეიძლება ისრაელის სერიოზული პასუხი გამოიწვიოს.
მანამდე New York Times-მა ირანის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელის წინააღმდეგ პირდაპირი დარტყმის მომზადების ბრძანება გასცა. ამის მიზეზია ისმაილ ჰანიეს სიკვდილი, რაშიც თეირანი ისრაელს ადანაშაულებს. ისრაელის ხელისუფლებას და სამხედრო უწყებას ჰანიეს სიკვდილზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
- ირანში ოცზე მეტი ადამიანი დააკავეს იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად აღიარებული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს ამ ქვეყანაში მოკვლის შემდეგ დაიწყო.
- ამის შესახებ იუწყება The New York Times-ი, რომელიც გამოძიებას ორ ირანულ წყაროზე დაყრდნობით იცნობს.
ფორუმი