თურქეთში წყალში ჩაუშვეს მრავალფუნქციური კორვეტის კლასის ხომალდი "ჰეტმანი ივან ვიჰოვსკი", რომელიც უკრაინის შეკვეთით სტამბოლის გემთმშენებელ ქარხანაში აშენდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების პრესსამსახურის ცნობით, 1 აგვისტოს სტამბოლის ქარხნის ნავსაყუდელზე გაიმართა წყალში ჩაშვების საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია და უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
"კორვეტები 'ჰეტმანი ივან ვიჰოვსკი' და 'ჰეტმანი ივან მაზეპა', რომლებიც რუსული აგრესიის გამო თურქეთში შენდებოდა, აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე იარაღით. ეს ხომალდები გახდებიან ჩვენი ფლოტის მნიშვნელოვანი შენაძენი, რაც გაზრდის უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. უკრაინამ უკვე დაუსვა წერტილი რუსეთის საზღვაო ძალების დომინირებას ზღვაზე, გაანადგურა რა მოწინააღმდეგის ათობით გემი. ჩვენ აქტიურად ვაფართოებთ უკრაინის საზღვაო ძალების შესაძლებლობებს შავ და აზოვის ზღვებში", - თქვა საზეიმო ცერემონიაზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.
"ადას" კლასის კორვეტი "ჰეტმანი ივან ვიჰოვსკი" მეორე ხომალდია, რომელიც უკრაინის შეკვეთით სტამბოლის გემთმშენებელ ქარხანაში აშენდა.
2022 წლის ოქტომბერში, თურქმა გემთმშენებლებმა დაასრულეს და სტამბოლის ყურეში საზეიმოდ ჩაუშვეს უკრაინის საზღვაო ძალებისთვის აშენებული გემი, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლ კაზაკთა მეთაურის, ჰეტმან ივან მაზეპას სახელი ეწოდა.
უკრაინული კორვეტების სიგრძე დაახლოებით 100 მეტრია და სიგანე თითქმის 15 მეტრი. ორივე გემი აღჭურვილი იქნება ამერიკული Harpoon-ის ხომალდსაწინააღმდეგო კომპლექსით, ასევე საზენიტო რაკეტებით, მძიმე ტყვიამფრქვევებით, საარტილერიო დანადგარებითა და რაკეტების/ტორპედოების გამშვები დანადგარებით.
ფორუმი