ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) გამოვლინდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ტენდერის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ბელგიური კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და მოლოს (ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის) მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ოთხი კომპანიიდან ტენდერში სამმა მიიღო მონაწილეობა. "ყველა მათგანი ევროპულია და აქვთ საუკეთესო საერთაშორისო რეპუტაცია აღნიშნულ საქმიანობაში".
"ტენდერში მოწვეული კომპანიები ფლობენ მსოფლიო ფსკერდაღრმავების ფლოტის 80 პროცენტს. ბელგიური კომპანია „იან დე ნული“ 1938 წელს დაფუძნდა და მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა, დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. კომპანია აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში, გარდა ამისა, განახორციელა ან ახორციელებს პროექტებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2029 წელს იგეგმება.
ნავსადგურის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ანაკლიის პროექტის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის და შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებული გამოკვეთისთვის. ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად“.
2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 49%-იან წილს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ჩაიბარებს.
კონსორციუმში, რომელთანაც საქართველო მთავრობა ანაკლიის პორტზე კონტრაქტს უახლოეს მომავალში ოფიციალურად გააფორმებს, შედიან:
- CCCC - „ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია“ (China Communications Construction Company Limited - რეგისტრირებული ჩინეთში);
- CHI - „ჩინეთის პორტების ინვესტიციები“ (China Harbour Investment - რეგისტრირებული სინგაპურში).
მართალია, CHI სინგაპურშია რეგისტრირებული, თუმცა ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა. ამას ეკონომიკის სამინისტროც ადასტურებს.
მინისტრ დავითაშვილის თქმით, კონსორციუმს, თავის მხრივ, ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი ჰყავს:
- CRBC - „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაცია“ (China Road and Bridge Corporation);
- QPI - „ცინდაოს საერთაშორისო პორტი“ (Qingdao Port International).
ოთხივე ჩინეთის სახელმწიფო კომპანიაა.
მანამდე კი, 2020 წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ წყვეტდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფდა და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებდა სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.
მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა.
30 ივლისს გახდა ცნობილი, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
ფორუმი