30 ივლისს ათასობით პალესტინელი დაბრუნდა საკუთარ სახლებში ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქის, ხან-იუნისის ნანგრევებში მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა დაასრულეს ოპერაცია, რომელიც ერთი კვირა გრძელდებოდა და რომლის მიზანი, არმიის თქმით, იყო ჰამასის (აშშ-სა და ევროპის კავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული) გადაჯგუფების თავიდან აცილება.
პალესტინელმა მაშველებმა და სამოქალაქო პირებმა საბრძოლო მოქმედებების ზონის ქუჩებში დაღუპულთა ცხედრები შეაგროვეს და ხალიჩებში გახვეული მიიტანეს მორგებში, მანქანებითა და სახედარშებმული ურიკებით.
Reuters-ს მოჰყავს ღაზის მედიასამსახურის, რომელსაც ჰამასი მართავს, ინფორმაცია, რომ ხან-იუნისის აღმოსავლეთ რაიონებში ისრაელის რვადღიანი ოპერაციის შედეგად 225 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ და სხვა ისლამისტური დაჯგუფებების წევრები გასული წლის 7 ოქტომბერს შეიჭრნენ ქვეყნის სამხრეთში და მოკლეს 1200-ზე მეტი ადამიანი. 250-მდე მძევლად აიყვანეს. პასუხად ისრაელის არმიამ მასიური საჰაერო დარტყმები და სახმელეთო შეტევები წამოიწყო.
ჰამასთან დაკავშირებული წყაროები ამტკიცებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სექტორში დაიღუპა დაახლოებით 39 000 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა.
ისრაელს არაერთი ქვეყანა და ორგანიზაცია ადანაშაულებს ღაზაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში.
ფორუმი