Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე დღეა, უკრაინა დრონებით უტევს ენერგეტიკის ობიექტებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში


საილუსტრაციო ფოტო: სავარაუდოდ, უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძარი ნავთობის საცავში. როსტოვის ოლქის ქალაქი აზოვი, 18 ივნისი, 2024.
საილუსტრაციო ფოტო: სავარაუდოდ, უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებული იერიშის შედეგად გაჩენილი ხანძარი ნავთობის საცავში. როსტოვის ოლქის ქალაქი აზოვი, 18 ივნისი, 2024.

29 ივლისს დილით უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშები დაიწყო რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ზიანი მიადგა ენერგეტიკის ობიექტებს ორ რეგიონში. ერთი დღით ადრე უკრაინის მსგავსი იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას კურსკის ოლქში.

რუსეთის დასავლეთში მდებარე ორიოლის ოლქში, გლაზუნოვის რაიონში, ელექტროსადგური დაზიანდა ორი ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებით. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ანდრეი კლიჩკოვი იტყობინება.

ვორონეჟის ოლქში ასევე ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევებით კომუნალური ინფრასტრუქტურა დაზიანდა სოფელ გაზოპროვოდში, ოლქის სამხრეთში მდებარე ოსტროგოჟის რაიონში. ამის შესახებ ტელეგრამში დაწერა ორიოლის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა უკრაინის 39 უპილოტო საფრენი აპარატი: 19 დრონი დაიჭირეს კურსკის ოლქის თავზე, 9 ჩამოაგდეს ბელგოროდის, 3 - ვორონეჟის, 5 - ბრიანსკის და 3 ლენინგრადის ოლქის თავზე. რუსეთის სამხედრო უწყების განცხადების დამოუკიდებლად შემოწმება არ ხერხდება.

ეს ზედიზედ მეორე დღეა, რაც იტყობინებიან უკრაინული იერიშების შესახებ, რომლებმაც ზიანი მიაყენა რუსეთის ენერგეტიკის ობიექტებს.

28 ივლისს სავარაუდოდ უკრაინის დრონებმა დარტყმები განახორციელეს კურსკის ოლქში მდებარე ნავთობსაცავზე. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს უზარმაზარი ალი, რომელიც ცას ანათებს. ოლქის გუბერნატორმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ დრონით იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ნავთობის სამ რეზერვუარს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG