დღეს, 29 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში 38 დეპუტატის სარჩელი შევიდა. მანამდე სასამართლოში "აგენტების კანონის" არაკონსტიტუციურობის საკითხზე ორი სარჩელი იყო შეტანილი.
„მართალია, სამივე სარჩელი სხვადასხვა დროს შემოვიდა და შინაარსით ზუსტად იდენტური არ არის, მაგრამ არსებობს რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც, მათი გაერთიანება შეიძლება... კანონის შეჩერება არის განმწესრიგებელი სხდომის ნაწილი (რომელზეც განიხილება სარჩელის მიღების საკითხი)“, - თქვა მერაბ ტურავამ.
ის ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, როდის შეიძლება იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ამ კანონზე.
„აგენტების კანონთან“ დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სულ სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, აშშ-მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.
ფორუმი